კანიონინგი, ჩანჩქერინგი - Green Zebra ლაშქრობის კულტურას ავითარებს
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ გარკვეული პერიოდი ტურიზმი შეაჩერა, მათ შორის დააზარალა შიდა ტურიზმზე ორიენტირებული კომპანიები. თუმცა, შეჩერებული დრო ტურისტულმა კომპანია Green Zebra-მ ახალი ტურისტული მარშრუტების მოძიებას და დამუშავებას დაუთმო, რომელსაც საკუთარ მომხმარებლებს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს.
Green Zebra-ს თანადამფუძნებელი, მარკეტინგის მენეჯერი ირინა პაიჭაძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ აქტიური ტურისტული სეზონი გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. 2020 წლის მთელი სეზონი კომპანია გაჩერებული იყო, რამაც მათზე ფინანსურად უარყოფითად იმოქმედა.
“პანდემიით გამოწვეული შედეგები, ისევე როგორც ტურიზმის სხვა მიმართულებებისთვის, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია. 2020 წელს მთელი სეზონი გაჩერებულები ვიყავით, მოგვიწია უკვე დადასტურებული ტურების გაუქმება და გეგმების შეცვლა. თუმცა ამ გაჩერებაში პატარა დადებითიც შეიძლება მოვძებნოთ - ამ პერიოდის განმავლობაში დავიწყეთ ახალი ტურისტული მარშრუტების მოძიება და დამუშავება. სიტუაციის სრულად დასტაბილურების შემდეგ მსურველებს სრულიად ახალ მარშრუტებზე წავიყვანთ“, - აღნიშნა ირინა პაიჭაძემ.
Green Zebra-ს ძირითადი მიმართულებაა, რთული ლაშქრობა, Trekking, Backpacking. ცნობადი ადგილების გარდა ტესტავენ უცნობ მარშრუტებს და მსურველები ლამაზ, მიუვალ ადგილებში დაჰყავთ.
“ბევრი საინტერესო მიმართულებით ვმუშაობთ და ვცდილობთ გავზარდოთ ლაშქრობის, Backpacking კულტურა და ცოდნა ამ მიმართულებით. Green Zebra-ს გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი ტურისტული მარშრუტების მოძიებაზე, დამუშავებასა და პოპულარიზაციაზე. მოგზაურებისთვის ცნობადი გავხადეთ და ერთ-ერთი პირველები ვესტუმრეთ ისეთ სალაშქრო მარშრუტებს, როგორიცაა ყელიწადის ტბა, სუათისის ტბა, უკანტბა, საქორის ტბა, ლაკუმურაშ ტობა, ოქროწყლის ტბა და ა.შ.“, - ამბობს ირინა პაიჭაძე.
Green Zebra-მ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად ტურები განაახლა. ისინი ძირითადად ადგილობრივ მომხმარებლებზე არიან ორიენტირებულები, თუმცა პერიოდულად უცხოეულ ტურისტებსაც მასპინძლობდნენ. აქვთ კორპორაციული ტურები.
“მას შემდეგ, რაც მოიხსნა სატრანსპორტო რეგულაციები და ტურების ჩატარების უფლება მივიღეთ, ჯანდაცვის სექტორის ყველა რეგულაციის დაცვით დავიწყეთ ტურები. რა თქმა უნდა არ არის იმ რაოდენობის მსურველი, როგორც პანდემიამდე იყო, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წელს უფრო მრავალ ტურისტიანი სეზონი იქნება“, - აღნიშნა ირინა პაიჭაძემ.
როგორც ირინა პაიჭაძე ამბობს, ამ ეტაპზე მათთვის პრობლემას კომენდანტის საათი წარმოადგენს, რის გამოც უარის თქმა უწევთ შედარებით შორ მანძილზე, 2-3 დღიან მარშრუტებზე.
“ვინაიდან ძირითადი მსურველი თბლისიდან არის, ძალიან რთულია თბილისიდან წახვიდე მაგალითად ასხის მთაზე, ილაშქრო და დროულად ჩამოხვიდე“, - აცხადებს ირინა პაიჭაძე.
Green Zebra მომსახურებას სთავაზობს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოლაშქრეებს და ექსტრიმის მოყვარულებს.
შედარებით მარტივი მარშრუტები, სადაც დამწყებ მოლაშქრეებს სთავაზობენ წაყვანას არის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - მაჭის ციხე, ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერის ბილიკები. ასევე, ალგეთის ეროვნული პარკი, გარეჯის სხვადასხვა მონასტრებთან არსებული სალაშქრო მარშრუტები (მრავალწყარო, საბერეები) და ა.შ.
მარშრუტი რთულდება შემდეგ მიმართულებებზე - ტობა, ყელიწადის ტბა, სუათისის ტბა, ოქროწყალი, ასხის მთა, შავი კლტეების ტბა, გომის მთა - ბახმარო - კინტრიში და ა.შ.
გარდა ამისა, კომპანია მოხმარებლებს ექსტრემალურ და განსხვავებულ გასართობს სთავაზობს:
#ჩანჩქერინგი - ჩანჩქერებზე, ხან წყლის ქვეშ და ხან წყლის ზემოდან დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები).
#კანიონინგი-ეს არის გართობა მათთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა, გადაეშვას საქართველოს სხვადასხვა კანიონებში სპეციალური აღჭურვილობით. კანიონინგი ექსტრემალური გართობის საშუალებაა, სადაც მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ “ზოლიან“ კანიონერებს.
მიუხედავად იმისა, რომ აქტიური სეზონი გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომაზე მთავრდება, Green Zebra ზამთრის, თოვლიან ტურებსაც აწყობს.
“ზამთრის მარშრუტებიდან გამოვარჩევდი ჩვენთვის საყვარელ და გამორჩეულ სანახაობას ზამთრის ბახმაროს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველები ვიყავით, ვინც ადგილობრივი ტურისტი წაიყვანა ზამთრის ბახმაროში. ეს იყო 2017 წელს. მას შემდეგ ყოველ წელს ვსტუმრობთ და უფრო და უფრო ბევრ მსურველს ვაზიარებთ იმ საოცარ, განსხვავებულ სილამაზეს, რაც ზამთრის ბახმაროშია. ასევე ზამთრის ყველაზე სასიამოვნო და გემრიელი გასასვლელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ბილიკები, სადაც კოტეჯი, ღუმელი, ბუხარი და შეშა გხვდება, რაც კომფორტს ქმნის“, - ამბობს ირინა პაიჭაძე.
რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, ირინა პაიჭაძის თქმით, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ტურის ფასი 30 ლარიდან 300 ლარის ფარგლებშია. ფასი დამოკიდებულია ტურის ხანგრძლივობაზე, სირთულეზე, რომელ რეგიონშია. ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, გიდისა და დამხმარეს მომსახურება, 2 და მეტ დღიან ტურებზე აღჭურვილობით უზრუნველყოფა. არის მარშრუტები, სადაც ემატება განსხვავებული სერვისი, მაგალითად კულინარიულ ტურებზე კერძების დაგემოვნება, მომზადების პროცესში ჩართვა, ან რთულ ტურებზე დამატებით ტრანსპორტით უზრუნველყოფა ტყის გზებზე.