ტურიზმი
20/01/2022

კახეთში მაღალი კლასის სასტუმრო "მატიანი" 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება

კახეთში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო „მატიანი“  პირველ სტუმარს 2022 წლის ბოლომდე მიიღებს.

როგორც პროექტის მფლობელი და კომპანია „ვილა გოდოლის“ ხელმძღვანელი გიორგი ქოჩლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმროს გახსნა 2021 წელს იყო დაანონსებული, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

მისი განცხადებით, 55 ნომრიანი სასტუმრო თელავის რაიონის სოფელ რუისპირში გაიხსნება. სასტუმროს ტერიტორიის 3 ჰა-ზე ვენახებია გაშენებული. ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამჟამად სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილია სარემონტო სამუშოები.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ორ ეტაპადაა დაგეგმილი. კერძოდ, კომპანია „ვილა გოდოლი“ ამავე ტერიტორიაზე მაღალი კლასის ვილებს აშენებს. სწორედ მისი მშენებლობა იქნება პროექტის მეორე ეტაპი. გიორგი ქოჩლაძის განცხადებით, 25 მაღალი დონის ვილის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. სრულად კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

პროექტში დაახლოებით 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქედან 15 მილიონი დოლარი სასტუმროს მშენებლობის ღირებულებაა.

სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით, კერძოდ, კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, დეტალებად კი გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.

კითხვაზე, განიხილება თუ არა სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორის შესვლა, ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. „ვილა გოდოლმა“ სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.