კახა გოგოლაშვილი: აშშ-სთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადავწყვეტთ
ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ამის მიზეზად იმ ხელშეკრულებას ასახელებს, რომელიც საქართველოს TAV Georgia-სთან აქვს დადებული.
„სამწუხაროდ, ჩვენ თურქულ კომპანიასთან ისეთი შეთანხმება გვაქვს, რომ დამოუკიდებლები არ ვართ ამ საკითხის გადაწყვეტაში. ყოველ შემთხვევაში, თბილისსა და თბილისის გარშემო 150 კილომეტრის რადიუსით ვერც ახალ აეროპორტს ავაშენებთ და ვერც საავიაციო გადაზიდვებისა და მგზავრების მიმოსვლის პოლიტიკას შევცვლით. TAV Georgia აკონტროლებს თურქეთის აეროპორტების უმეტესობას, ამიტომ დღეს თურქეთი პრაქტიკულად ის ჰაბია, რომელიც ეროპასა და აზიას შორის არის, მათ შორის, შეერთებული შტატებშიც დაფრინავს სტამბოლიდან. ამიტომ არ არის დაინტერესებული, საქართველოში ასეთი ავიამიმოსვლა განვითარდეს. პირველ რიგში, ალბათ ტრანზიტის კორიდორის ფუნქცია რომ შეიძინოს საქართველომ“,- განმარტა გოგოლაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი მაიკლ ქაუგილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაა.
„კორონა ვირუსის გლობალურ პანდემიამდე ჩვენ საქართელოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე მუშაობას ვიწყებდით. ეს საკითხი ისევ აქტუალურია. მას კვლავ მივუბრუნდებით. ეს მხოლოდ ბიზნესის პოზიცია არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ ეს ასევე დაეხმარება მთავრობის წარმომადგენლებს", - ამბობს ქაუგილი.