ტურიზმი
05/07/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბოს ვიზიტორთა რაოდენობა გაათმაგდება

 
მთავრობას აქვს ამბიცია, რომ წყალტუბო 21-ე საუკუნის თანამედროვე კურორტად იქცეს. 
 
"მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ასე ვთქვათ სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
 
მისი თქმით, 2019 წელს წყალტუბოს 25 000 ვიზიტორი ეწვია. 
 
პრემიერის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. 
 
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
ინფორმაციისთვის, მთავრობამ წყალტუბოს განვითარების გეგმა შეიმუშავა. პრემიერის განცხადებით, გასაყიდად გამოდის 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარია. 
 
ირაკლი ღარიბაშვილის მოლოდინია, რომ წყალტუბოში 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. გარდა ამისა, მთავრობა ათეულობით მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 
Businesspartner