Inn Group: მოგვცენ უფლება თანამშრომლების ასაცრელად Covid ვაქცინები შემოვიტანოთ
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის ინიციატივით, HoReCa სექტორი მთავრობას კომერციული ვაქცინების შემოტანის უფლებას სთხოვს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, კერძო სექტორი მზადაა, კომერციული ვაქცინაცია სასტუმროების და ზოგადად, HoReCa სექტორის გახსნის სანაცვლოდ განახორციელოს.
„უკვე ვესაუბრეთ რამდენიმე კლინიკას, ვინც მზად არის საქართველოში შემოიტანოს კომერციული ვაქცინა. კარგი იქნება თუ მათ ამის შესაძლებობას სახელმწიფო მისცემს. ეს იქნება იგივე ვაქცინა, განსხვავება იქნება ის, რომ სახელწიფოს ნაცვლად ფულს ჩვენ გადავიხდით. კერძო სექტორი, მათ შორის, ჩვენი კომპანია თანახმაა ეს ხარჯი საკუთარი ბიუჯეტიდან გასწიოს. მოგვცენ საშუალება ავცრათ ჩვენიმე თანამშრომლები, რაც სასტუმროს ტურისტებისთვის ბევრად მიმზიდველს და უსაფრთხოს გახდის,“ - აცხადებს ერეკლე კოკაია.
მისი განცხადებით, ამ მიდგომით სახელმწიფოსაც ნაკლები ხარჯი ექნება, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესიც უფრო სწრაფად წავა და ეკონომიკაც ბევრად უფრო მალე აღდგება.
კითხვაზე, HoReCa სექტორისთვის რამდენად ხარჯიანი იქნება ვაქცინების საკუთარი ხარჯით შესყიდვა, კოკაია განმარტავს, რომ ეს ხარჯი არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე დღეს ყოველდღიურად მიღებული ზარალია.
„არც იმდენად ძვირია, რომ ვერ გადაიხადოს კომპანიამ, მით უმეტეს, რომ ეს საშუალებას მოგცემს, გავიხსნათ და ტურიზმი ავაღორძინოთ. ეს ამად ღირს,“ - აცხადებს კოკაია.
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორმა ეს ინიციტივა მთავრობას გუშინ შესთავაზა და მათგან გამოხმაურებას ელოდება.
„შეიძლება კლინიკებმა მაგალითად, AstraZeneca ვერ შემოტანონ, მაგრამ არის ვაქცინები, რომელიც პოპულარულია თურქეთში, სადაც 80 მილიონი ადამიანი იცრება, იგივე აზერბაიჯანში, ბულგარეთში. შესაძლოა ის არგუმენტი ჰქონდეს მთავრობას, რომ ეს ვაქცინები ჯანმო-ს მიერ არ არის აკრედიტირებული. შეიძლება ამ ორგანიზაციამ ბიუროკრატულო ბარიერების გამო კიდევ დიდი ხანი არ მისცეს ვაქცინებს აკრედიტაცია, თუმცა, თავადვე აღიარებს, რომ ამ ვაქცინებს გარკვეული შედეგი აქვს. ჩვენი ეპიდემიოლოგებიც, ქვეყანაში უშვებენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაკეთებული აქვს ნებისმიერი კოვიდ ვაქცინა, იქნება ეს ჩინური, რუსული თუ ინგლისური. შესაბამისად, ამით აღიარებენ, რომ ამ ვაქცინებს ეფექტი აქვს,“ - აცხადებს კოკაია.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა სასტუმრო რამდენიმე თვეა დახურულია.