Inn Group: გუდაურის სასტუმროში იანვრის ნახევარი უკვე დაჯავშნილია
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ სამთო კურორტებზე სასტუმროების მუშაობას აფასებს და ზამთრის სეზონის მოლოდინებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, სექზონი არ არის აქტიური, თუმცა, Inn Group-ის ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროები ტურისტებს მაინც მასპინძლობენ. “მაგალითად, ეს შაბათ-კვირა ბაკურიანის სასტუმრო მთლიანად დაჯავშნილია,“ - აცხადებს ბიზნესმენი.
რაც შეეხება მოლოდინებს, კოკაია განმარტავს, რომ ქართველების მხრიდან დიდი მოთხოვნაა ბაკურიანის სასტუმროზე, უცხოელები კი უპირატესობას გუდაურს ანიჭებენ.
როგორც კოკაია განმარტავს, გუდაურის სასტუმროში იანვრის ნახევარი უკვე დაჯავშნილია. „თითქმის სრულად არის ათვისებული ახალი წლების დღეებიც, ჯავშნებია დეკემბერშიც. ადგილობრივები ჯავშნებს წინასწარ თითქმის არ აკეთებენ, შესაბამისად, უკვე გაყიდული ნომრების უმეტესობა ბალტიის ქვეყნებზე, არაბეთის გაერთიანებული საემიროებსა და აზერბაიჯანზე მოდის. რაც შეეხება გაყიდვების და ჯავშნების შედარებას პანდემიამდელ მაჩვენებელთან, თუ ადრე ამ დროს სასტუმროს 80% დაჯავშნილი იყო, ახლა ეს რიცხვი 50%-ს შეადგენს,“ - აცხადებს კოკაია.
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ ახალი წლისთვის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება. ამას დაემატება „მწვანე ბარათების“ მექანიზმის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედებაც, რაც დამატებითი სარგებელი იქნება ტურიზმისთვის.
„ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს. თურქეთში ვიყავი ახლა და იქ ყველა ადამიანს აქვს თავისი კოდი, რომელითაც მოწმდება ადამიანი ვაქცინირებულია თუ გადატანილი აქვს კოვიდი. ისე არავის უშვებენ მოლსა და სასტუმროში. ვიმედოვნებ, ამ ზამთარს ჩვეეულებრივად ვიმუშავებთ, თუმცა, კარგი იქნება, რომ „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების პარარელურად მოიხსნას რესტორნებსა და სასტუმროებში 23:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვა. ასევე მოიხსნას რესტორნებში რაოდენობის შეზღუდვა,“ - აცხადებს კოკაია.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.