ტურიზმი
14/07/2022

IBIS TBILISI STADIUM-ში ტურისტების უმეტესი ნაწილი არაბეთის ქვეყნებიდანაა

დავით აღმაშენებლის გამზირზე „აკორის“ ჯგუფში შემავალი წითელი  IBIS-ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო IBIS Tbilisi Stadium, რომელიც პანდემიის გამო დახურული იყო, სტუმრებს 2022 წლის იანვრიდან აქტიურად იღებს.

პროექტის მფლობელმა კომპანია „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა  დავით გელბახიანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ ამ მომენტში სასტუმრო სრულად დატვირთულია, სტუმრების უმეტესი ნაწილი კი საერთაშორისო ტურისტია.

„ევროპელი ტურისტი არ არის, შემცირდა მათი რაოდენობა. ამჟამად დამსვენებელი აღმოსავლეთ აზიიდან, არაბეთის ქვეყნებიდან გყვავს.  რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, წელს საკმაოდ კარგი ტურისტული სეზონი იქნება,“-აცხადებს გელბახიანი .

IBIS-ის 3 ვარსკვლავიანი  სასტუმრო 150 ნომრიანია.საინვესტიციო ღირებულება კი 7.5 მილიონ  ევროს შეადგენს.

რაც შეეხება კომპლექსში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც სამომავლოდ  HOTEL 1930-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას, გელბახიანის ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადების პროცესი, რომლის შემდეგად კომპანია თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განცხადებას შეიტანს.

მისი ინფორმაციით,5 ვარსკვლავიანი 20 ნომრიანი იქნება. აღნიშნული პროექტის ღირებულება  კი 3  მილიონი დოლარია.

 „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ სასტუმროების დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე ფლობს ერთ ჰოსტელს ვაკეში. ამავე კომპანიის პროექტი იყო სასტუმრო „მერკური“ თბილისში.

Businesspartner