hr.ge: დღეს ტურიზმის სექტორში ვერცერთ ვაკანსიას ვერ ნახავთ
კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა შრომის ბაზრის მიმართულებითაც ტურიზმის სექტორს მიაყენა. დასაქმების პორტალ HR.GE-ზე დღეს ამ მიმართულებით არც ერთი ვაკანსია არ არის განთავსებული.
„ბოლო პერიოდში ცოტა HoReCa სექტორიც გამოცოცხლდა, თუმცა ეს მიმართულება დღესაც პასიურობს. წინა თვეებთან შედარებით, ამ კომპანიების დაახლოებით 10% გამოცოცხლდა. ზოგადად, ტურიზმის სექტორმა მიიღო დიდი დარტყმა, დღეს ამ მიმართულებით საიტზე ვერც ერთ ვაკანსიას ვერ ნახავთ“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ პლატფორმის რეგიონალურმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა.
მანვე ის სექტორები დაასახელა, რომელიც სამუშაოს მაძიებლების მოთხოვნის თვალსაზრისით ყველაზე მეტად აქტიურობს.
„ეს არის საბანკო საფინანსო სფერო, სამეციცინო მიმართულება, საცალო ვაჭრობა. სავაჭრო ობიექტები განსაკუთრებით კვების მიმართულებით ძალიან აქტიურობდნენ, პანდემიის პერიოდშიც სულ სჭირდებოდათ კონსულტანტები. მათ შორის, აქტიურია ფარმაციის სექტორი. ეს სფერო აქტიური იყო და დღესაც ასეთი ვითარებაა. მეტ-ნაკლებად ვაკანსიების რაოდენობა მომატებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოდ. აგვისტო რომ შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, 30%-იანი კლება გვაქვს“,- აღნიშნა შახბაზიანმა.