ტურიზმი
01/12/2020

“HoReCa სექტორში სრული კოლაფსია“ - ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი და სიღნაღში სასტუმროების Sighnaghi Art Hotel და Villa Provance-ს მფლობელი  ლალი მოროშკინა „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გამო ამოქმედებული შეზღუდვების ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს.

მისი განმარტებით, დღეს Horeca სექტორი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მისი განცხადებით, Sighnaghi Art Hotel-ი ამჟამად დაკეტილია, რადგან მუშაობის შემთხვევაში ხარჯი შემოსავალს ვერ დააკომპენსირებდა.  

„გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც არ მუშაობს კაფე-რესტორნები, დაკეტილია მუზეუმი, მკვდარ ქალაქში ვინ ჩამოვა? - ეს წარმოუდგენელია. როდესაც სასტუმროს ნახევარიც კი დატვირთული არ არის, ის მინუსზე მუშაობს, ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩართულია ბანკის წამზომი. ჩემს შემთხვევაში ეს არის 120 000 ევროს სესხი. 100 სასტუმრო, რომელიც სიღნაღში  გაიხსნა, ასივე ბანკშია ჩადებული, ისევე როგორც ჩემი სასტუმრო. უმძიმესი ვითარებაა, არავინ  მოიტყუოს, რომ შიდა ტურიზმმა იმუშავა, არანაირი შიდა ტურიზმი არც იყო და არც იქნება ვიდრე საზღვრები არ გაიხსნება და ეს  ლოქდაუნი არ დამთავრდება.

ვფიქრობ, რომ ბანკებსაც არ აწყობთ ასე ჩატოვებული სასტუმროები, რადგან ეს მათთვის გაკოტრებისკენ მიმავალი გზაა. აუცილებელია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომ არც ბანკი ჩამოვაქციოთ და არც ჩვენ ვიზარალოთ. ჯერ-ჯერობით ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილება სახელმწიფომ ვერ შემოგვთავაზა. შესაბამისად, HoReCa სექტორში სრული კოლაფსია“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.

მისი განცხადებით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ სექტორს არავინ ესაუბრება იმაზე, როგორ შეიძლება შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა. როგორც მოროშკინა აცხადებს, რესტორნები და სასტუმროები, რომლებსაც ამხელა დოვლათი შეჰქონდა სახელმწიფოში და ეკონომიკა რეალურად ამ დარგზე იდგა, დღეს სრულიად განადგურებულია.

„დღეს რომ დასრულდეს ყველაფერი, მაინც წლები დასჭირდება ამის აღდგენას, რადგან დავალიანებებია გასასტუმრებელი. შემდეგ კი წარმოუდგენელია როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს დაკეტვა არის სრული სიგიჟე, ბოლო ლურსმანია ჩვენს კუბოზე“, - აცხადებს მოროშკინა.

მისი განცხადებით, 3 დეკემბრიდან იხსნება ჩეხეთი, 15 დეკემბრიდან საფრანგეთი, ალპებზე კი ყველა სასტუმრო პრაქტიკულად დაჯავშნილია. მოროშკინას განცხადებით, თუ ქვეყანამ არ შეცვლა მიდგომა, საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მივალთ.

„ევროპელებმა პრიორიტეტულად ჩათვალეს, რომ აუცილებელია აამუშაონ სათხილამურო კურორტები. ევროპის ქვეყნებში არ დახურულა აუზები და ჩვენ რა გვჭირს ასეთი,წარმოუდგენელია როგორ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა, მაგალითად, შვედეთში ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება, მოლებიც კი გახსნილია. რაც მთავარია დანიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, არ ითხოვენ ნიღბებს, საქართველოში კი ნიღაბი შემაკავებელ ფაქტორად იქცა. ნიღბებს ასევე არ ითხოვენ ამერიკაში“ - აცხადებს მოროშკინა.

მისი განცხადებით, დღეს ქვეყანა დეფოლტის წინაშეა.