Henley&Partners-ის პასპორტის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 55-ე ადგილზეა
2021 წლის მეოთხე კვარტალში პასპორტის მსოფლიო ინდექსში 200 ქვეყანას შორის საქართველოს 55-ე ადგილი უკავია, - PassportIndex-ის შედეგები საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-მა გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი მცირედით გაუარესებულია, მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც საქართველო 50-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. კომპანიის მონაცემებით, ქართული პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 115 ქვეყანაშია შესაძლებელი (2021 წლის მეორე კვარტალში 116 ქვეყანა).
მაჩვენებლები Henley & Partners-ის მონაცემებით უმრავლესი ქვეყნის შემთხვევაში გაუარესებულია, რაც პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდება. კომპანია კვლევაში მიათითებს, რომ პასპორტის ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის შედეგები აჩვენებს ბოლო 18 თვის განმავლობაში რა გავლენა მოახდინა ჩაკეტილმა საზღვრებმა მოგაზურობაზე, რაც აისახა პასპორტების რეიტინგის არსებობის 16-წლიან ისტორიაზე.
რეიტინგში საქართველოს უსწრებს მეგობარი უკრაინა, ის 38-ე პოზიციაზეა (2021 წლის მეორე კვარტალში 35-ე პოზიციაზე იყო) და უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ 136 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
თურქეთი 57-ე ადგილზეა 110 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით; აზერბაიჯანი 80-ე (68 ქვეყანაში უვიზოდ), სომხეთი (64 ქვეყანაში) კი 84-ე ადგილზეა.
რეიტინგში ლიდერობენ სინგაპური და იაპონია, ამ ქვეყნებისს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 192 ქვეყანაში შეუძლიათ, გერმანია და სამხრეთ კორეა 190 ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობით მეორე ადგილს ინაწილებენ, მესამე პოზიციაზეა ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ფინეთი 189-189 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით ინაწილებენ. მეოთხე ადგილზე ავსტრია (188 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით), რეიტინგის ხუთეულის ბოლო პოზიცია (187 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით) პორტუგალიას ერგო.
მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი უკვე 16 წელია არსებობს, Henley & Partners-ი პასპორტების ინდექსს 2018 წლიდან ყოველ კვარტალში აახლებს, კომპანიის ცნობით, მიზანი უვიზოდ ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობაზე ინფორმირებაა.