გურიის ეროვნული პარკი წელს ამოქმედდება - თამარ ხახიშვილი
გურიის ეროვნული პარკის ამოქმედება წელს იგეგმება - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე, თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.
„მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, 2024 წლამდე დაცული ტერიტორიების შექმნა 187 ათას ჰექტარზე იგეგმებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს 116 ათას ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნა, ვფიქრობთ, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში მოხდება 70 ათასი ჰექტრის შესწავლა. მათ შორის იქნება, როგორც გურიის ეროვნული პარკი, ასევე იგეგმება სამეგრელოსა და სვანეთის შესწავლა,“ - აცხადებს თამარ ხახიშვილი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დამსვენებლების მატების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წლის განმავლოვაში იმ აქტივობებს გეგმავს, რომელიც ცალსახად ემსახურება ერთი მხრივ ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორეს მხრივ, აღნიშნული ტერიტორიების მიმზიდველობის ზრდას.
მთელი დაცული ტერიტორიების მასშტაბით 1200 კილომეტრამდე ბილიკი უკვე მოწყობილია და წლის ბოლომდე კიდევ 700 კილომეტრიანი ბილიკის ქსელი გაკეთდება. ჯამში, მოეწყობა 89 ბილიკი.“- აღნიშნავს ხახიშვილი.
მისივე განცხადებით, 2022 წელს დაცულ ტერიტორიებს 900 000 სტუმარი ეწვია, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი მატებაა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს ქვეყანას 1.2 დამსვენებელი სტუმრობდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამსვენებლების რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე 75%-ით აღდგა,“-აცხადებს ხახიშვილი.
შეგახსენებთ, გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 520 530 ევროს შეადგენს.