გუდაური ლოჯი: დახურულები ვართ და არც კოვიდსასტუმროდ მუშაობა გვიღირს
გუდაურში მდებარე სასტუმრო “გუდაური ლოჯი“ ამ დროისთვის დახურულია და არც კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობა უღირს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა დუჩიძემ განუცხადა, კომპანიამ მთავრობისგან მიიღო შეთავაზება მუშაობა კოვიდსასტუმროს სტატუსით გაეგრძელებინა, თუმცა ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.
„არ ვიყავით დარწმუნებული, რომ მაქსიმალური დატვირთვა იქნებოდა და სასტუმროს 121 ნომერი სრულად შეივსებოდა. დაბალი დატვირთვის პირობებში კი სასტუმროს მუშაობა ზარალიანი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო რეგიონშია, მთავრობა ეცდებოდა თბილისი დაეტვირთა, 10 და 20 ოთახის გულისთვის კი არ გვიღირს.
გუდაურმა თავის დროზე იმუშავა საკარანტინე ზონად, შემდეგ მოვიყვანეთ წესრიგში, გავამზადეთ სეზონისთვის და ახლა არ გვიღირდა ფინანსურად კოვიდსასტუმროდ გადაკეთება. თუ ადრე სახელმწიფო დაუტვირთავ ოთახებზეც იხდიდა თანხას, ახლა ასე აღარ არის.
გარდა ამისა, რეგიონში არსებულ სასტუმროში როდესაც ინფიცირებულებს ვუშვებ, გარკვეულ რისკს ვხედავ, კერძოდ, პაციენტის დამძიმების შემთხვევაში მისი გადაყვანა საავადმყოფოში დროულად რომ ვერ მოხერხდეს დ ასხვა,“ - აცხადებს დუჩიძე.
სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში დასტაბილურდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სასტუმრო ზამთრის სეზონისთვის გაიხსნება.