ტურიზმი
25/01/2022

Gudauri Inn-ი ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა" დაჯილდოვდა

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის სასტუმრო Gudauri Inn-ი "ქართული ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ დაჯილდოვდა.

როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი  ლანა ბლიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნული წარმატება კომპანიას აძლევს იმის სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტ ტურისტს  უფრო დიდი ძალისხმევით  უმასპინძლოს.

„Inn Group-ისთვის მსგავს ნომინაციებში გამარჯვება პირველი არ არის, ეს ჩვენთვის კიდევ ერთი წარმატებაა. Gudauri Inn-ი 2017 წლიდან მასპინძლობს დამსვენებელს. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო საკმაოდ პოპულარულია როგორც უცხოელ ტურისტებში, ისე ადგილობრივ დამსვენებლებში.

აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა.ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გაასმაგებული შრომით და ძალისხმევით კიდევ უფრო კარგად ვუმასპინძლოთ ჩვენს დამსვენებელს. ამ ნომინაციაში გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ გვენდობიან ჩვენი სტუმრები, 2017 წლიდან კი ეს არაერთხელ დაადასტურეს, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ტურისტი არ მოგვკლებია და ძალიან ბევრი ერთგული დამსვენებელიც გყვავს. ეს კი სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“-აცხადენს ლანა ბლიაძე.

კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი  სამთო კურორტებზე სასტუმროების მუშაობასაც აფასებს და აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, Gudauri  Inn-ი თითქმის 100%-ით დატვირთულია.

კითხვაზე, როგორ შეძლო Inn Group-მა პანდემიის პირობებში სრულად დატვირთვა, ბლიაძე განმარტავს, რომ ამის მთავარი მიზეზი კომპანიის მენჯმენტის მიერ სწორ დროს  სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშია. „გარდა ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს სპეციალური აქციებიც შევთავაზოთ,“-აღნიშნავს ბლიაძე.  

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

რაც შეეხება „ქართული ბრენდის დღეს“ , მას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. წლებთან ერთად კი დასაჯილდოებელი სფეროებიც გამრავლდა და დაჯილდოებული კომპანიების რაოდენობაც.