ტურიზმი
29/05/2023

Go Tour-ის ხელმძღვანელი: ზაფხულში ტურისტული პაკეტების გაძვირებას არ ველოდებით

გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიები ყურადღებას გაზრდილ მაჩვენებლებზე ამახვილებენ. როგორც მათი ნაწილი აცხადებს, მიუხედავად, ბოლო პერიოდში, მოგზაურობაზე 20-25 %-ით მომატებული ფასებისა, რაც გლობალურმა ინფლაციამ განაპირობა, ქართველ მოგზაურებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაზე უარი არ უთქვამთ. 

როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენელები აღნიშნავენ,  მოთხოვნადი იყო როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ტურები.

„ბიზნესპარტნიორთან“ Go Tour-ის ხელმძღვანელი ნინო წიკლაური აცხადებს, რომ განსაკუთრებული პოპულარობით, გაზაფხულის პერიოდში, ევროპის შემეცნებითი ტურები სარგებლობდა - იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და სხვა ტრადიციული ევროპული ბაზრების მიმართულებით.

„წელს ტურისტული პაკეტები ბევრად მრავალფეროვანი გახდა, დაემატა ახალი ავიაკომპანიები,  გაიზარდა სიხშირეები, შესაბამისად, ქართველ მოგზაურებს გაზაფხულის სეზონზე მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ როგორც ბიუჯეტის, ისე სამოგზაურო მიმართულებების კუთხით“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.

მან ზაფხულის მოლოდინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინასწარი ჯავშნები უკვე აქტიურად კეთდება.

„სეზონურობიდან გამომდინარე, ქართველი მოგზაურები საზღვაო კურორტებს ირჩევენ.  აქ უპირობო ლიდერი თურქეთის კურორტებია, სადაც თბილისიდან პირდაპირი ფერენები ხორციელდება, ტურ-ოპერატორებიც მომხმარებელს  სრულ სამოგზაურო პაკეტს ვთავაზობთ ტრანსფერებითა და კვებით. თუმცა, მიხარია, რომ ბოლო პერიოდში, ძალიან აქტუალური გახდა ევროპის საზღვაო კურორტები, მაგალითად მალტაზე დიდი მოთხოვნა გვაქვს, ხორვატიაში დუბროვნიკზე, ასევე პორტუგალიის და ესპანეთის საზღვაო კურორტებზე“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.

Go Tour-ის ხელმძღვანელი ზაფხულის სეზონზე ტურისტული პაკეტების გაძვირებას აღარ ელოდება, რადგან, მისივე  ინფორმაციით, ფასები  ზრდის კუთხით ისედაც დაკორექტირებულია.  ნინო წიკლაურის ვარაუდით, ტურისტულ პაკეტებზე ფასები შემცირდება, სამოგზაურო კუთხით კი მოთხოვნა ეგზოტიკური ქვეყნების მიმართლებით გააქტიურდება. 

ცნობისთვის, უცხოეთში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა და საქართველოს ტერიტორიიდან, საზღვარგარეთ 585 ათასზე მეტი გასვლა დაფიქსირდა, რაც  2.2 -ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.  რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ მიზნებს, საქართველოდან 255 ათასი  ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 77  პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემებზე.

2023 წლის I კვარტალში საქართველოდან განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372 მილიონ ლარს აღემატება, რაც 31 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 830 ლარი შეადგინა.

Businesspartner