"გითმობთ სახლს სამეგრელოში" - Spend 4 seasons in Georgia-ს წევრების თანადგომა უკრაინელებს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოში აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ტურისტული ჯგუფი Spend 4 seasons in Georgia-ს წევრები უკრაინელ მოქალაქეებს თანადგომას უცხადებენ და მათ დახმარებას სთავაზობენ:
კაკი ჯალაღონია: „ყველა უკრაინელ ოჯახს, ვისაც არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, შემიძლია დავუთმო ჩემი სახლი სამეგრელოში!“
დავით გიორგაძე: „თუ ვინმე უკრაინული ოჯახი იცით რომ ჩარჩენილია საქართველოში და ვერ ბრუნდებიან, შემიძლია ბორჯომში სახლში განვათავსო”.
მამუკა კალანდაძე: "საქართველოში მყოფი უკრაინელი ძმები და დები შეგვიძლია განვათავსოთ სასტუმრო BEST Hotel -ში უსასყიდლოდ".
როგორც Spend 4 seasons in Georgia-ს ადმინისტრაცია აცხადებს,მიმდინარე მოვლენების ფონზე, პლატფორმა დაეთმობა ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინასა და საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზეც.
უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.