ტურიზმი
04/10/2021

გიორგი მარრი: ყაზახურ ბაზარს საქართველოს ტურიზმისთვის დიდი პოტენციალი აქვს

კერძო სექტორისთვის ყაზახეთი ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბაზარია. როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი, გიორგი მარრი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სახელმწიფომ ყაზახეთში საქართველოს გარეკლამებისთვის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ყაზახეთის ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საკმაოდ დიდი რაოდებობის ტურისტები ჩამოდიან. მას შემდეგ, რაც ყაზახეთიდან ყოველდღიური რეისები დაინიშნა, ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აქ საუბარია ბიზნეს ტურიზმზეც, რომლის პერსპექტივაც საქართველოს აქვს და სამწუხაროდ, ამ მიმართულებაზე ბოლო წლებში ნაკლები აქცენტი კეთდება. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი სეგმენტია ტურიზმისთვის. ბიზნეს ტურიზმის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. საჭიროა საგამოფენო, საკონფერენციო ცენტრების გაკეთება. ეს მთავრობასთან ერთად არის განსახილველი. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია რეკლამის გაკეთება ყაზახეთის ბაზარზე.

ყაზახური ბაზარი, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის არ არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ უნდა გახდეს, რადგან ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სწორი მიდგომით შესაძლებელია ბევრად უფრო მეტი მოგების მიღება“,- განაცხადა მარრიმ.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ კვლევის შედეგებით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-ით არის გაზრდილი. 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაც ყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასად უკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ.