Photo: Georgianflavors.com
ტურიზმი
01/08/2022

Georgian Flavors - კულინარიის სიყვარულით შექმნილი ტურისტული სერვისი

Georgian Flavors-ი - კულინარიის სიყვარულით შექმნილი ტურისტული სერვისი, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს ქართული სამზარეულოს მასტერკლასებს და ღვინის თანხლებით სასიამოვნო საღამოების გატარებას სთავაზობს.

ტურისტების მასპინძელი ირმა ლაღაძეა, რომელიც სტუმრებს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საკუთარ სახლში იღებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ "სახლური", თბილი გარემო იზიდავს საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს.

"მასტერკლასების 2014 წლიდან ვატარებ, თუმცა 2022 წლის მარტიდან უკვე დამოუკიდებლად, საკუთარ სახლში. პროექტი უცხოელებზეა გათვლილი და მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და უცხოელების ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ქართული კულინარია მხოლოდ ხინკალი და ხაჭაპური არ არის. ჩემთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობ ისეთ კერძებს, რასაც ბევრ ქართულ რესტორანში ვერ გასინჯავენ, ვიყენებ ჩვენი ოჯახის რეცეპტებსაც, რომელსაც უკვე თაობებია ვამზადებთ, თუმცა თანამედროვე ინტერპრეტაციით. ვიყენებ მხოლოდ ქართულ ინგრედიენტებს და ვამზადებ სეზონურ კერძებს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღონ.

საკუთარ სახლში სტუმრების მიღება ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან ჩემი სამზარეულო არ არის დიდი და ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა მასტერკლასებისთვის შესაფერისი. თუმცა, ჩემი მეგობრების წახალისებით და რჩევით მივიღე ეს გადაწყვეტილება. დიდი ჯგუფები არ არის ჩემი სეგმენტი, მსურველი ძირითადად 2 ან 3 ადამიანია. ფართიც არ იძლევა ამის საშუალებას და ისედაც, ასე უფრო ვუნაწილებ ყველა სტუმარს თანაბარ ყურადღებას. 2 თვის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად, შევცვალეთ ინტერიერი მისაღებ ოთახში. მოვარგეთ ქართულ ეთნიკურ სტილს, ზომიერად თანამედროვე ელემენტებით. გამოვიყენე ძველი ქართული ჭურჭელი და სხვადახვა ნივთი ინტერიერისთვის, რომლის უმეტესობა ქუთაისიდან წამოვიღე. სწორედ ამ ოთახში ვმასპინძლობთ სტუმრებს. ამ საქმის წამოწყებაში მასტერკლასების ჩატარების დიდი გამოცდილება ძალიან დამეხმარა, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა და ასევე მქონდა კონცეფცია, რასაც მივყვებოდი," – აღნიშნავს ირმა ლაღაძე.

თბილისის, იმერეთის და კახეთის მასტერკლასების ღირებულება 1 ადამიანზე €100-130-ს ფარგლებშია, რომლის დაჯავშნა ძირითადად georgianflavors.com–ის საშუალებით ხდება, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს ქართული კულინარიის შესახებ სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაციის მიღებაც შეუძლიათ.  

     

ვინაიდან მასპინძელმა წინასწარ ყველა დეტალი უნდა გათვალოს და დისკომფორტიც არცერთ სტუმარს უნდა შეექმნას, Georgian Flavors-მა თავისი მასტერკლასები თითქმის ყველა კვებით შეზღუდვას მოარგო, მათ შორის გათვალისწინებულია კეტოს, ვეგანური, ვეგეტერიანული, უგლუტენო თუ სხვა კვების რაციონი.

"პოზიტიური შთაბეჭდილებების მისაღებად ყველაფერს ვაკეთებ, რადგან როცა ადამიანს სახლში იწვევ და საკუთარ კერას უნაწილებ დიდი პასუხისმგებლობაა. მომხმარებელთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით იწყება და აქედანვე მექმნება მათზე ზოგადი წარმოდგენა, ვიცი მათი მოთხოვნები, კვებითი შეზღუდვები/ალერგიები და ვადგენ შესაბამის სამ კერძიან სეზონური მენიუს სეტს. სერვირების დროსაც კი ვცდილობ გავითვალისწინო მათი ხასიათი შეძლებისდაგვარად და ვცდილობ, მასეტრკლასი არ იყოს მხოლოდ კერძების მომზადება. ეს პირველ რიგში, მათთვის ადგილობრივთან (ჩვენთან) ურთიერთობის გამოცდილებაა, საუბრებია უამრავ საინტერესო თემაზე და დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, როგორც მათთვის, ისე ჩემთვის", - ამბობს ირმა ლაღაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Georgian Flavors-ი ახალ სივრცეში გადანაცვლებას განიხილავს. "სასურველი იქნებოდა ქალაქგარეთ, მყუდრო და ცოტა სოფლურ გარემოში. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ჯერ ადრეა, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ფინანსები არ იძლევა ამის საშუალებას. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ოცნებაა. რაც შეეხება რესტორანს - ამისთვის მხოლოდ კულინარიის სიყვარული არ კმარა, თუმცა მომავალში, არაფერია გამორიცხული," – ამბობს Georgian Flavors-ის დამფუძნებელი.

ირმა ლაღაძემ საკუთარ სახლში მასტერკლასების მოწყობა პანდემიის დროს გადაწყვიტა, როდესაც სამსახურის გარეშე დარჩა, როგორც ბევრი ადამიანი, განსაკუთრერბით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. გადაწყვიტა თავისუფალი დრო გონივრულად გამოეყენებინა და "აჭარა ჯგუფის" კულინარიულ აკადემიაში ჩააბარა, სადაც თითქმის 10 თვის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობდა და პრაქტიკას გადიოდა მათ რესტორნებში.

"დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, ჩემი დიდი ბებია ფრანგი გახლდათ, ოჯახში ჩემს ირგვლივ ყველა არაჩვეულებრივი კულინარი იყო. მეც ამ საოცარი კულინარების მეოთხე თაობის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ პროფესიით შორს ვარ კულინარიისგან. მიუხედავად ამისა, ჩემს მეგობარს ძალიან მოსწონდა ჩემი მომზადებული კერძები. ცოტა ხანში, მასვე დაებადა იდეა დაეწყოთ კულინარიული ტურები იმ ტურისტულ კომპანიაში, სადაც თვითონ მუშაობდა წლების მანძილზე. ასე აღმოვჩნდი მანამდე ჩემთვის უცნობ სფეროში და დავიწყე კულინარიული ტურების გიდად მუშაობა 2014 წელს. კულინარიის სიყვარულთან ერთად, ძალიან დამეხმარა ინგლისური ენის ცოდნა. კომპანიის სეგმენტი ევროპელი ტურისტები იყვნენ, დიდი გამოცდილება დავაგროვე. პარალელურ რეჟიმში აქტიურად ვუძღვებოდი კულინარიულ და ღვინის ტურებს იმავე კომპანიაში, პანდემიის დაწყებამდე.

ქართველები ცოტა კონსერვატორი ხალხი ვართ, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. ადამიანების უმეტესობა არ არის გახსნილი სიახლეების მიმართ, არ იყენებს ახალ ინგრედიენტებს და ეშინიათ სითამამის. ჩვენს ოჯახში, დედას დამსახურებით, ეს საზღვრები წაშლილი იყო. ასევე, ძალიან გამიმართლა, რომ ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, სადაც კულინარია კიდევ უფრო სხვა რამეა," – ამბობს ირმა ლაღაძე.

კულინარიამდე იყო პროფესიონალური ფოტოგრაფიით გატაცებაც. ირმა ლაღაძის ფოტოების დიდი ნაწილი სწორედ ტურისტულ ლოკაციებს და ქართულ კულინარიას ეძღვნება, ამ გატაცებას ის დღესაც ვერ ღალატობს და მისი "ფუდ ფოტოები" ამშენებს Georgian Flavors-ის გვერდსაც.