ტურიზმი
13/04/2021

Georgian Airways-ი რეგულარული რეისების სიხშირეს პანდემიის გამო არ ზრდის

Georgian Airways-ს რეგულარული რეისების სიხშირის გაზრდა სურს. თუმცა ამ ეტაპზე, კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ავიაკომპანიას ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „აირზენას“ გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია განმარტავს, ამჟამად ავიაკომპანია რეისებს 5 მიმართულებით ასრულებს.

„დღევანდელი მდგომარეობით დავფრინავთ ამსტერდამში, პარიზში, ვენაში, ბერლინში და თელავივში. მზად ვართ სიხშირეების გასაზრდელად, მაგრამ ეს დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად ჩაივლის კორონა ვირუსის მესამე ტალღა. ამის შემდეგ ჩვენი მიმღები ქვეყნები და აეროპორტები უფრო გახსნილები იქნებიან. შეზღუდვებიდან გამომდინარე, მგზავრთა რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავამატოთ, ან გავზარდოთ სიხშირეები. თუმცა, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, მუშაობას“,- აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, საქართველოსადმი ტურისტების დიდი დაინტერესებაა, თუმცა დაწესებული შეზღუდვების გამო მოგზაურობისგან ბევრი იკავებს თავს.

„ძალიან დიდი ინტერესია. ძალიან ბევრი ტურისტი რეკავს, ჯავშანის გაკეთება უნდა, მაგრამ ამას ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდვების შერბილებამ. ჩვენ გავამარტივეთ სტუმრების ჩამოფრენა, თუმცა ამას უნდა დაემატოს რესტორნების, სასტუმროების უფრო მოქნილი მიდგომა“,- განაცხადა „აირზენას“ დირექტორმა.