ტურიზმი
25/10/2021

Galt and Taggart: ტურიზმის შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე ვიზიტორების რაოდენობა

2021 წლის სექტემბერში, ტურისტების რიცხვმა 2019 წლის სექტემბრის დონის 39% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის ზაფხულის სეზონის აღდგენის დინამიკასთან შედარებით, – წერს Galt and Taggart–ი.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეების მსგავსად, 2021 წლის სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე ვიზიტორების რაოდენობა და 2019 წლის სექტემბრის შემოსავლების 50.8% შეადგინა.

შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენის მთავარ მიზეზეზად Galt and Taggart–ი ვიზიტორების ნაკადებში ტურისტების ჭარბ რადენაობას მიიჩნევს, რომლებიც ერთდღიან ვიზიტორებთან შედარებით ბევრად მეტს ხარჯავენ.

უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც ტურიზმის აღდგენა დაიწყო 2021 წლის აპრილიდან, ტურისტების რაოდენობა საშუალოდ 2019 წლის დონის 30%-ს შეადგენს, ხოლო იმავე პერიოდში ერთდღიანი ვიზიტორები საშუალოდ 2019 წლის მხოლოდ 5%-ის ნიშნულზეა და შესაბამისად შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა.

ამრიგად, 2021 წლის სექტემბერში 226.7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+348.8% წ/წ) მოგზაურობდა საქართველოში და ყველაზე მეტი, 14.6% ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან, შემდეგ მოდის თურქეთი 14.2%–ით და უკრაინა 10.1%–ით.

ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა, 58.1% საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით, ხოლო საჰაერო გზით 40.8%. ჯამურად 2021 წლის იანვარ–სექტმბერში, საქართველოს 1.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმის შემოსავლებმა $865.8 მლნ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 73.5%–ით მერია და 2019 წლის დონის 33.5%–ს შეადგენს.