ტურიზმი
01/10/2020

ფრენების აღდგენა და რეისების განრიგის დადგენა - ტურიზმის სექტორი აქციისთვის ემზადება

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მორიგი აქციისთვის ემზადებიან. ამჯერად საპროტესო გამოსვლაში ის მძღოლებიც ჩაერთვებიან, რომლებიც ტურისტებს ემსახურებოდნენ. ფრენების აღდგენის მოთხოვნას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, კერძოდ, უმუშევრად დარჩენილები ითხოვენ სახელმწიფომ ავიაკომპანიებს მისცეს საჰაერო რეისების განრიგის დადგენის საშუალება.

„ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არა მხოლოდ ფრენების აღდგენა, არამედ ავიაკომპანიების შემოშვებაა, რომ მათ დაგეგმონ საჰაერო რეისების განრიგი. ეს თუ არ მოხდა, მომავალი წელიც ჩავარდება და წლევანდელზე უარესი იქნება. მსოფლიო დაიწყებს მოგზაურობას, ჩვენ კი ამ ფერხულს ჩამოვრჩებით. ალბათ, 2011-2012 წელს რა მდგომარეობაც იყო ტურისტული თვალსაზრისით, იგივე გვექნება ახლაც“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გიორგაძემ.

მისივე თქმით, ახლა დარგის ეს მიმართულება უმძიმეს მდგომარეობაშია. არც მოლოდინებია ოპტიმისტური.

„შარშან ამ დროს ჩვენ საახალწლო სეზონი და მომავალი წელი უკვე გაწერილი გვქონდა. ახლა ვერაფერს ვგეგმავთ. არათუ ახლა გვაქვს ფრენების პრობლემა, არამედ საერთოდ არ ვიცით, რა ფრენები იქნება დეკემბერში, იანვარში, თებერვალში, გაზაფხულზე. ვერაფერს ვგეგმავთ და დაგეგმვის გარეშე ეს სექტორი უბრალოდ მკვდარია.

მწვანე ზონის სტატუსს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ვერ გამოვიყენეთ მაშინ, როდესაც უნდა გამოგვეყენებინა. მსოფლიოს მაგალითები გვაჩვენებს, რომ მწვანე იქნება, ყვითელი, თუ წითელი ზონა ამას მნიშვნელობა არ აქვს. თურქეთი ავიღოთ მაგალითად, ის ყოველთვის წითელ ზონაში იყო, მაგრამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით დაახლოებით 40 მილიარდი მიიღეს“,- აღნიშნა გიორგაძემ.