ევროპულ ქალაქებშიც ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები - მინისტრი უცხოელი ტურისტის დაჭრაზე
ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ საქართველოში პოლონელი ტურისტის დაჭრამ ქვეყნის ტურისტულ გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონია. თუმცა, ნათია თურნავა აქვე აცხადებს, რომ შსს-ს ფაქტზე სწრაფი რეაგირება ჰქონდა, რაც მნიშვნელოვანია.
ნათია თურნავა აქვე ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტები დიდ ევროპულ ქალაქებშიც ხდება.
“პოლონელი ტურისტის დაჭრა ძალიან სამწუხარო ფაქტია. ზოგადად, ნებისმიერი ასეთი ინციდენტის მიმართ ტურიზმის ინდუსტრია ძალიან სენსიტიურია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ნებისმიერ დიდ ქალქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დრო და დრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო და ეს ერთეული შემთხვევა სწრაფად მოექცა რეაგირების ქვეშ”,- აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ტურისტი ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს. შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.