ტურიზმი
05/09/2022

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi-ს მშენებლობა დასრულდა

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi-ს მშენებლობა დასრულდა. პროექტს კომპანია Kala Ubani ახორციელებს. 67 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში განთავსდა.

როგორც პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დარჩენილია მხოლოდ ინტერიერის მოწყობის სამუშაოები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტერიერის დიზაინის წინადადებების შერჩევა.

„ვიმედოვნებ, რომ მალე შიდა სამუშაოები აქტიურად დაიწყება. საინჟინრო ნაწილი უკვე დაწყებულია. ძალიან აქტიური სამშენებლო პროცესი მიდის.სამუშოების დასრულება მაქსიმუმ 1 წელი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, გახსნის ტარიღს ოპერატორ კომპანიასთან კოორდინაციაში მესაკუთრე გადაწყვეტს,“ - აცხადებს გადაევი.  

მისივე განმარტებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა, ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია სპექტრუმი ავითარებს  სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს. პროექტის საერთო ფართი 4,000 კვ.მ-ია.

Ibis Styles Old Tbilisi-ში სასტუმროს გარდა განთავსდება რესტორანი და ბარი.

Ibis Styles-ი AccorHotels-ში შემავალი ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია,როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა. AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.

 

Businesspartner