Dreamland Oasis Chakvi: თუ ვაქცინაცია თანმიმდევრული გახდა, სტუმრებს 15 ივლისიდან მივიღებთ
სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi-ს გენერალური დირექტორი კოკა გეგუჩაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის დაწყების ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია თანამშრომლებთან ერთად მზადაა ჩაიტაროს კოვიდ ვაქცინაცია, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა ზაფხულის საკურორტო სეზონზე აქტიურად მუშაობის საფუძველი გახდეს.
გეგუჩაძე აცხადებს, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნა და პროცესი თანმიმდევრულად წავიდა, 15 ივლისიდან უკვე შესაძლოა სასტუმრომ ერთეული ტურისტები მიიღოს.
„ჩვენ უცხოელ ტურისტებზე 100%-ით დამოკიდებულები არ ვართ. სხვა სეგმენტი გვყვავს, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თითქმის ყველაფერზე მომატებულია ფასები, ადმინისტრაციას სასტუმროს მომსახურების გაძვირება დაგეგმილი არ აქვს. ჩვენს მომხმარებელს გაზრდილი ფასის გადახდა ძალიან გაუჭირდება,“ - აცხადებს გეგუჩაძე.
Dreamland Oasis Chakvi პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია საქართველოში. კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ბარებსა და რესტორნებს, საბავშვო მოედნებს, კერძო პლაჟს, ბულვარს, ბოულინგს, სათამაშო ოთახებს, 3D, 7D და 9D კინოთეატრებს, ჩოგბურთის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ჩილიმ ბარს, კარაოკესა და სხვა ობიექტებს.
კომპლექსი ასევე მოიცავს სასტუმრო Dreamland Oasis-ს, ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსია შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმრო კომპლექსი გაშენებულია 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ტერიტორიაზე და იგი ხუთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბლოკს მოიცავს. კომფორტული ნომრების გარდა ტერიტორიაზე უამრავი გასართობი საშუალებაა, რაც ნებისმიერი ასაკის თუ ინტერესების მქონე სტუმრის ინტერესზეა გათვლილი.
პროექტი Dreamland Oasis Chakvi აჭარაში ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიციით ხორციელდება. მისი დამფუძნებელია ავსტრიული კომპანია Albereta, რომელიც პროექტის 82.7% წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი 17.3% ქართული ინვესტორების საკუთრებაა. ამ ეტაპზე პროექტში ჩადებული ინვესტიცია 70 მილიონ დოლარს აღემატება.