ტურიზმი
21/05/2021

დისქავერ ჯორჯია: აქცენტს გამაჯანსაღებელ, აგრო და ეკოტურიზმზე გავაკეთებთ

ტურისტული კომპანიების ნაწილი ტურიზმის აღდგენის დაწყებასა და ტურისტების გააქტიურებაზე საუბრობენ.

ტურისტული კომპანია “დისქავერ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი  ნინა კეკელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ჯავშნები გააქტიურებულია, გაზრდილია პარტნიორი კომპანიების მხრიდან მოთხოვნა და ქვეყანაში ტურისტების მატება შეინიშნება.

„ქვეყანაში ტურიზმიდან საერთაშორისო ნაკადებიდან შემოსული ვალუტა ხელს უწყობს ლარის გამყარებასაც. ბოლო  1 თვის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური ტურები ევროკავშირის ქვეყნებიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ მსოფლიო რუკაზე საქართველო უკვე საკმაოდ კარგად პოზიციონირებს უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ - აცხადებს კეკელიძე.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო მოგზაურები ემორჩილებიან საქართველოს მთავრობის დაწესებულ რეგულაციებს.

„ე.წ კომენდანტის საათის შერბილებამდე არ ყოფილა ისეთი კითხვები, როგორიცაა, რა ვაკეთოთ კომენდანტის საათის შემდეგ ან რატომ არის ასე და არც ამის გამო ტურის გადადების პრეცენდენტი ყოფილა. პირიქით, ეს ფაქტი მათში უსაფრთხოების განცდას ტოვებდა, ვიდრე უარის თქმის საშუალებას,“ - აცხადსებს კეკელიძე.

რაც შეეხება მოლოდინს, კომპანია ამ ეტაპზე აქცენტს 3 ძირითად მიმართულებაზე - გამაჯანსაღებელი, აგრო და ეკოტურიზმი - აკეთებს.

"ვთლით, რომ წინა წელთან შედარებით იქნება უკეთესი წელი, უკეთესი ზაფხულის სეზონი. 2019 წლის ნიშნულთან დაბრუნება რთულია, თუმცა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მაინც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. გვაქვს ბორჯომი, წყალტუბოს და საირმის კურორტები, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ ტურისტებს ესა თუ ის ხარისხიანი სერვისი. თბილისშიც გვაქვს სხვადასხვა ბალნეოლოგიური კურორტი, რაც ძალიან კარგია,“ - აცხადებს კეკელიძე.

მისი განცხადებით, პანდემიის პერიოდში შეიცვალა ტურისტების ქცევაც. თუ ადრე ისინი კულტურულ მიმართულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, დღეს აქცენტი გამაჯანსაღებელ მიმართულებაზეა.მისი განცხადებით, 2021 წელი იქნება აღდგენითი წელი.