ტურიზმი
31/05/2022

Crowne Plaza Borjomi ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნებს აქტიურად იღებს

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით Crowne Plaza Borjomi-ს მენეჯმენტს პოზიტიური მოლოდინები აქვს. 

როგორც კომპანიაში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, ზაფხულისთვის სასტუმროში ნომრები აქტიურად იჯავშნება, თუმცა, თუ ადრე ტურისტი ჯავშანს  რამდენიმე თვით ადრე აკეთებდა, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია და დაჯავშნა რამდენიმე კვირით ან დღით ადრე ხდება.

მათივე ინფორმაცით, ინტერესია როგორც გალფის ქვეყნებიდან, ისე დსთ-ს სივრციდან და ისრაელიდან.

კომპანიას 2022 წლისთვის პოზიტიური მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა ვითარება შეცვალა. დღეს სასტუმროში განმარტავენ, რომ მაისში აქტივობა გაიზარდა და Crowne Plaza Borjomi-ს დაახლოებით 70% დაკავებულია.

„მაისამდე მეტ-ნაკლებად მძიმე სიტუაცია იყო, რადგან რა გათვლაც გვქონდა არ გამართლდა. კომუნიკაცია გვქონდა როგორც ტურისტულ კომპანიებთან, ისე კორპორატიულ სეგმენტთანაც. იმის გამო, რომ რეგიონში საომარი მოქმედები იყო, ინდივიდუალური ტურებიც კი უქმდებოდა.

რაც შეეხება მაისს, სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა და ჩართულობა მოლოდინის ფარგლებში გვქონდა,“ - აცხადებენ სასტუმროში.

სასტუმროს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და წლევანდელი სეზონის შემოსავლები და აქტივობა, პანდემიამდელ პერიოდს მიუახლოვდება.