COVID უსაფრთხო ინდუსტრია - ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესი იწყება
ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი იწყება. შესაბამისი სიების შედგენაზე ნათია თურნავას უწყება მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს.
"ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის COVID უსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. აქედან გამომდინარე, ვიმუშავებთ სხვადასხვა ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება COVID უსაფრთხო სასტუმროებად, COVID უსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის COVID უსაფრთხო",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.