CITY DEVELOPMENT: შაორზე სასტუმრო კომპლექსის განვითარების კონცეფცია მომზადდა
კურორტ შაორის განვითარებას მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანიის IG Development-ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე გეგმავს.
როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპლექსის განვითარების კონცეფცია უკვე მზადაა.
ამ ეტაპზე კი კონკურსის წესით შერჩეული ქართული კომპანია დეტალურ პროექტირებაზე მუშაობს, რომელსაც დასრულებული სახე დაახლოებით 6-8 თვეში ექნება. ტოგონიძის განმარტებით, უკვე ამის შემდეგ გაიცემა სამშენებლო ნებართვაც.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ შაორის და მათ შორის, კომპლექსის მშენებლობა/განვითარება 1 წელიწადში დაიწყება. ხაზგსასასმელია, რომ პროექტირების დასრულება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ამბროლაურის გრგ-ში (სადაც შაორის ნაწილზეც არის საუბარი) შესატანია ტექნიკური ცვლილებები. პირველ რიგში ამის კორექტირებაა გასაკეთებელი,“-აცხადებს ტოგონიძე.
მისი ინფორმაციით,კამპანიამ 3 ჰა მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2021 წლის ზაფხულში იყიდა. ადგილზე დაგეგმილია რეზორტის ტიპის 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, სადაც იქნება სპა, რესტორანი, საბავშო სივრცე, საკონფერენციო სივრცე და ა.შ.
პროექტში დაახლოებით $20 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება. City Development-ი შაორზე მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განვითარებას, პროექტის დაწყებიდან 2-2.5 წელიწადში დაასრულებს.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა City Development-ი შორის სასტუმრო კომპლექსის მმართველად საერთაშორისო ოპერატორი კომპანიის შემოსვლას, ტოგონიძე აცხადებს, რომ აქცენტი ადგილობრივი მენეჯმენტ კომპანიის დაფუძნებაზეა,თუმცა, არ გამოირიცხება საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობაც.
„სასტუმრო აშენდება იმ სტანდარტებით, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო ოპერატორების სტანდარტებსაც. უკვე ამის შემდეგ გადავწყვეტთ სასტუმროს მართვაში საერთაშორისო ბრენდი შევიდეს თუ თავად ვმართოთ,“-აცხადებს ტოგონიძე.
რაც შეეხება იმას, თუ რა სახელით დაიწყებს ოპერირებას სასტუმრო კომპლექსი შაორზე, ტოგონიძე აღნიშნავს, რომ მარკეტინგულ გეგმაზე მუშაობა მოგვიანებით დაიწყება.
შეგახსენებთ, მთავრობამ შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2019 წელს დამტკიცდა.