ტურიზმი
17/09/2021

Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri: საშუალო შემოსავალი 25%-ით გაიზარდა

Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი მანო კუჭუხიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის საკურორტო სეზონს აფასებს.

მისი ინფორმაცით, პანდემიის მიუხედავად, ტურისტული სეზონი აქტიური და დატვირთული იყო. საშუალო დატვირთულობა სეზონის განმავლობაში 75%-ს შეადგენდა, რაც რეგულაციების გათვალისწინებით სასტუმროს რესურსის თითქმის მაქსიმუმია.

საშუალო შემოსავალი გასული ზაფხულის სეზონთან შედარებით 25 %-ით გაიზარდა. თუმცა, შემოსავლის ზრდის პარალელურად მოიმატა ხარჯმაც: გაიზარდა სურსათის, საწვავის და სხვა სერვისისა და მომსახურების ღირებულება, დამატებით გაჩნდა პირბადეების თუ სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვის აუცილებლობა.

როგორც კუჭუხიძე განმარტავს, სტუმრების  უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესი ნაწილი  კი არიან უზბეკეთიდან და პოლონეთიდან. ასევე, ყაზახეთი, უკრაინა და მეზობელი ქვეყნები. მცირე რაოდენობა გალფის ქვეყნებიდან და ე.წ „ჰანიმუნერები“. ონლაინ პლატფორმებიდან შემოსულ ჯავშნებს შორის, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი იყო ლატვიიდან, გერმანიიდან და ბელორუსიიდან.

„საინტერესო სტატისტიკაა, რომ წელს ბევრი ქართველი ემიგრანტი გვსტუმრობდა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ყველა ჩვენი სტუმარი შემოსვლისას გადის ტესტირებას. რეგულარულად იტესტება ჩვენთან დასაქმებული თითოეული დასაქმებული და განსაკუთრებული სიფრთხილით ვიცავთ, ყველა სტანდარტით გათვალისწინებულ რეგულაციას. უსაფრთხო გარემომ მომხმარებელს შეუქმნა ნდობა. შესაბამისად, ჩვენთან ჩამოსვლა და დასვენება არის მაქსიმალურად უსაფრთხო,“ - აცხადებს კუჭუხიძე.

მისივე ინფორმაცით, სექტემბრის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ ცხელი სეზონია, შესაბამისად, სასტუმრომ ამ პერიოდშიც,  მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი შეინარჩუნა.