Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri: 20 აგვსიტომდე ნომრების 95% დაჯავშნილია
Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი მანო კუჭუხიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, სასტუმროში არის ჯავშნები და დატვირთულობა მაღალია. ნომრების დაახლოებით 90-95%-ი 20 აგვისტომდე დაჯავშნილია.
დამსვენებლების 50%-ზე მეტი ადგილობრივი ტურისტია, თუმცა, არიან სტუმრები პოლონეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან - უკრაინიდან, ყაზახეთიდან.
„2019 წლის დატვირთულობას დავეწიეთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის მოგება გვექნება, რაც 2019 წელს გვქონდა. შემოსავლების კუთხით კარგად მივდივართ, მაგრამ გაზრდილი ხარჯის გამო, მოგების მარჟა შეგვიმცირდა. ინფლაცია მაღალია, ფასები განსაკუთრებით გაზრდილია საკვებ პროდუქტებზე. გარკვეული პროცენტით ჩვენც გავზარდეთ ნომრის ღირებულება, მაგრამ იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც გვაქვს, პირდაპირპროპორციული არ არის. ვეცადეთ ფასი დაგვებალანსებინა, რადგან ძირითადი ბაზარი მაინც საქართველოა,“ - აცხადებს კუჭუხიძე.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმროში დასვენება 2 ადგილიან სტანდარტულ ნომერში 660 ლარი ღირს (ორჯერადი კვებით), კვების გარეშე კი - 200 ლარი. საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს სპეციალური აქციები და შეთავაზებები.
როგორც კუჭუხიძე აცხადებს, დაბალ ფასიანი შეთავაზება ყოველთვის უფრო მოთხოვნადია, მაგრამ ამ კატეგორიის ნომრები დიდი რაოდენობით არ არის, ასეთი ტიპის ნომრები სასტუმროს დაახლოებით 20%-ია.
„შესაბამისად, ამაზე მოთხოვნა სულ არის, რადგან მიწოდება არის ნაკლები. კომპლექსი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ ბაზრის დიფერენცირება სხვადასხვა შემოსავლის დამსვენებელზე. ამიტომ, შედარებით ბიუჯეტურ ნომერებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო,“ - აცხადებს კუჭუხიძე.
რაც შეეხება მოლოდინებს, კომპანია ჯავშნების გაუქმებას არ ელოდება. „ის ბაზრები, რომლებიც ჩაიკეტა, მათ შორისაა ისრაელი, არ იყო ჩვენი აუდიტორია, ჩვენი სეგმენტი, შესაბამისად, გავლენა არ მოუხდენია, ცვლილებებია იმ მხრივ, რომ გამკაცრდა რეგულაციები კონფერენციებზე, ამიტომ აგვისტოს პერიოდში ამ მხრივ ორი მოთხოვნა გაგვიუქმდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნომრები ვერ გავყიდეთ, რეალურად, სასტუმროზე მოთხოვნა მაღალია,“-აცხადებს კუჭუხიძე.