ბორჯომი ლიკანი: პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროგრამაზე მოთხოვნა შემცირებულია
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პოსტკოვიდ სარეაბილიტაციო სერვისზე მოთხოვნა შემცირებულია.
როგორც სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი აცხადებს, ინტერესი ძირითადად უცხოელების მხრიდანაა.
„ამ პროცედურებით ძირითადად დაინტერესებულები არიან ყაზახები, პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. ახლოსაც არიან, ავიამიმოსვლაც უფრო მარტივია და ამ პაკეტებს უფრო ისინი ყიდულობენ. პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროგრამაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ იყიდება, თუმცა, დიდი ინტერესი არ არის,“ - აცხადებს ნადარეიშვილი jandacva.ge-სთან.
როგორც სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი განმარტავს, პროგრამაზე დაბალი ინტერესი შედარებით მაღალი ფასით და ადგილობრივების დაბალი მსყიდველუნარიანობით აიხსნება.
კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პროგრამა ინდივიდუალურად ირჩევა, მათი საჭიროებების შესაბამისად. პროგრამა მოიცავს ექიმ-თერაპევტის კონსულტაციას, სამედიცინო და სხვა საჭირო პროცედურების გავლას, ასევე სამჯერად კვებას. 7 დღის განმავლობაში 2 ადგილიანი ნომრის (3-ჯერადი კვებით) ფასი 4207 ლარია.
ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია აღნიშნული პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით გააქტიურებას გეგმავს. „გვაქვს რამდენიმე ქვეყანა არჩეული, რომელზეც წელს აქცენტს გავაკეთებთ. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი ისრაელი, მალტა, ყაზახეთი და გალფის ქვეყნებია,“ - აცხადებს ნადარეიშვილი.
არის თუ არა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პოსტკოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე როგორც ხარისხით, ისე ფასით, სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორის თქმით, გამომდინარე იქიდან რომ ფრენები აქტიურად ხორციელდება, “ბორჯომი ლიკანის“ მიერ მიწოდებული ეს სერვისი იქნება როგორც საინტერესო, ისე მოთხოვნადი.