ტურიზმი
29/01/2022

Best Western Gudauri: პანდემიის მიუხედავად თებერვალ-მარტზე ჯავშნები უკვე გვაქვს

მძიმე ეპიდემილოგიური მდგომარეობის  მიუხედავად, სასტუმრო Best Western Gudauri აქტიურად მუშაობს.

სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კვიწინაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ იანვრის პირველი ნახევარი Best Western Gudauri სრულად იყო დატვირთული, ახლა კი შედარებით პასიურობაა, რაც ბუნებრივია.

„ყველა წელს, გუდაურში, 15 იანვრიდან თვის ბოლომდე პასიური პერიოდია. უკვე თებერვლიდან აქტიურობა  შეინიშნება ხოლმე. წელსაც ასეა, პანდემიის მიუხედავად უკვე გვაქვს ჯავშნები როგორც თებერვლის თვეზე, ისე მარტზე. პანდემიის გამო ჯავშნების ფანჯარა ძალიან დავიწროვებულია. ადრე თუ 6-7 თვით ადრე იცოდი რა იქნებოდა და გეგმავდი, ახლა 1-2 კვირის შემდეგ რა მოხდება არ იცი. მიუხედავად ამისა, დაინტერესება არის,  სტუმრების უმრავლესობა არიან გალფის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან. ვმუშაობთ, ვიტვირთებით, შემოდიან სტუმრები. ახლა საუბარი მიდის, რომ ტაილანდის ბაზარი გაიხსნას ,“ - აცხადებს კვიწინაშვილი.

მისივე თქმით, შექმნილი ეპიდემილოგიური მდგომარეობის არის ჯავშნების გაუქმების ერთეული შემთხვევები, თუმცა  ეს აქტივობის სურათს არ ცვლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დღიურად 15 000-ს აღემატება. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 23,87%, ბოლო 14 დღის – 16,51%, ბოლო შვიდი დღის – 20,58%.