ტურიზმი
19/10/2021

ბათუმში Courtyard Marriott-ი 2022 წელს გაიხსნება

ბათუმში, 41 სართულიანი „ალიანს პალასის“ (Alliance Palace)   გახსნა პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ალიანს ჯგუფის“  ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა თემო ბიწაძემ განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, თუმცა არააქტიური ტურისტული ნაკადების გამო, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება კომპლექსის ნაწილი სატესტო რეჟიმით 2022 წლის იანვარში გახსნას.

აპარტამენტების ნაწილი ჯერ კიდევ 2020 წელს გაიხსნა. როგორც ბიწაძე განმარტავს, კომპლექსი სრულად 2022 წლის ზაფხულში გაიხსნება.

კომპლექსის 1-5 სართულზე საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი Courtyard By Marriott-ი (150 ნომრიანი) განთავსდება, დანარჩენ 6-41  სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები იქნება. სასტუმროში ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანია კაზინოს გახსნის.

მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია "სოფოს ჰოტელსი" (Sophos Hotels SA) განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მრავალფუნქციური 41–სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მასში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

პროექტი ბათუმის ბულვარში, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. „ალიანს პალასის“ ყველა სართულიდან იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები, კომპლექსი მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორისაა, მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რესტორანი და ა.შ.