ბათუმის აეროპორტით განხორციელებული ვიზიტების 48% ისრაელელებზე მოდის
2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 173 000 შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტლის 69%-ია. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი თბილისისთვის 46%-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარაში ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს, ვიდრე თბილისში.
2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში 368 000 ადგილობრივი ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის 95%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში ბათუმის აეროპორტით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 9%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების თითქმის ნახევარი, 48% ისრაელელებზე მოდის.
აღდგენაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორის სხვა ისეთი ინდიკატორებიც, როგორებიცაა დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ბრენდულ სასტუმროებში. ივნისში დატვირთულობამ 72% შეადგინა, რაც 10 პპ-ით ჩამოუვარდება 2019 წლის დატვირთულობას. ამავე პერიოდის საშუალო დღიური ფასი კი $130-ია - 2019 წლის იმავე პერიოდის ფასზე 27%-ით მეტი.