ბანგურიანი: უცხოელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ
მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი ლევან ჯოჯუა “ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის სვანეთისთვის ტურისტულად არააქტიური სეზონია, თუმცა, ახალი წლისთვის სასტუმრო ტურისტების გააქტიურებულ ნაკადს ელოდება.
მისი ინფორმაციით, უკვე არის ჯავშნები რუსეთიდან და უკრაინიდან.
„ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი ისედაც ჩავარდნილია მესტიისთვის, არააქტიურია იანვრის ბოლო პერიოდიც. იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვები მაინც და მაინც არ არის დაწესებული, ამ სექტორს იმდენად არ უტყამს, თუმცა, ის, რომ საქართველო მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საშიშ ქვეყნად ითვლება, უცხოელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან მაინც თავს იკავებენ. ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ტურიზმს აქვს,“ - აცხადებს ჯოჯუა.
სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ წელს ახალი წლისთვის მომხმარებელს განსხვავებულს ვერაფერს შესთავზებენ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, რომელიც კომპანიას არ აქვს.
„გვექნება საახალწლო პროგრამა, გვეყოლება მომღერალი, დიჯეი, იმედია, 31 დეკემბერს გვექნება მუშაობის შესაძლებლობა და არ გვექნება ვალდებულება, რომ 23:00 საათის შემდეგ დავიხუროთ,“-აცხადებს ჯოჯუა.
„ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი საფასო პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონისთვის ტარიფები საკმაოდ შემცირებული იქნება.
„ნომრები, რომელსაც 90 აშშ დოლარად ვყიდიდით, ახლა მისი ფასი 150 ლარს შეადგენს. რაც შეეხება იმას, გვიღირს თუ არა ამ ფასებით მუშაობა, გეტყვით, რომ ბანკებთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, რომ შევამცირებინოთ სესხი და რესტრუქტურიზება გავაკეთებინოთ. ზაფხულშიც გავაკეთებინეთ გადანაწილება და ამ დროისთვის არ გვიწევს გადახდა. შესაბამისად, თუ ისევ ამ რეჟიმში ვიქნებით და არ მოგვიწევს სესხის ამ ეტაპზე გადახდა, თავის შენახვისთვის საკმარისი იქნება,“-აცხადებს ჯოჯუა.