Bakuriani Resort-ი: 10 ოჯახისთვის 80 ნომრიანი სასტუმრო ვერ გაიხსნება
სასტუმრო Bakuriani Resort-ი ამ სეზონზე გახსნას არ გეგმავს. როგორც სასტუმროს გენერალური დირეტორის მოადგილე ნატალია ტალახაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, Bakuriani Resort-ს თავისი მასშტაბიდან გამომდინარე და არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ უღირს მუშაობა.
„გახსნა ასე მარტივად არ ხდება. ბაკურიანში გადაყინულია ყველაფერი და მისი გათბობა გაძვირებული ტარიფით რთულია. თან არ არის ისეთი მოთხოვნა, რომ აზრი ჰქონდეს ამ ეტაპზე სასტუმროს გახსნას. ერთადერთი, რა შემთხვევაშიც სასტუმროს ადმინისტრაცია გახსნას ვიფიქრებთ, არის ის თუ იქნება ჯგუფური მოთხოვნა, დაახლოებით 60-70 კაციანი. გასულ წელს, ამ დროს ტარდებოდა კონფერენციები, ასევე იყო ბანაკები, რომლებსაც ინგლისურენოვანი ბავშვები მოჰყავდათ, ახლა მსგავსი არაფერი ხდება. თუ ასეთი შემოთავაზება იქნება გავიხსნებით. 10 ოჯახისთვის კი 80 ნომრიანი სასტუმრო ვერ გაიხსნება,“ - აცხადებს ტალახაძე.
მისი ინფორმაციით, Bakuriani Resort-ში ყველა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.
რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროების გახსნა ნებადართულია. საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.
ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.
ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.