ავიაბაზარზე მოთხოვნა გაჩნდა - WizzAir-ი ფრენებს აღადგენს
WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მაისში ფრენებს ორი მიმართულებით აღადგენს. 14 მაისიდან რეისები რიგაში, ხოლო 21 მაისიდან - დორტმუნდში შესრულდება.
საჰაერო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ქუთაისიდან რეისებს ხვალიდან აღადგენს. აპრილში ის ორი მიმართულებით იფრენს - ვილნიუსსა და ვარშავაში.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო აცხადებს, Wizzair ამ დრომდე ავიაბაზარზე არსებულ მდგომარეობას აკვირდებოდა. ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც მოთხოვნა გაჩნდა.
„მას შემდეგ, რაც საქართველომ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, არსებულ ვითარებას ვაკვირდებოდით. თუმცა, ჩვენ მხოლოდ საქართველოს ვერ შევხედავთ. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ის მიმართულებებიც, სადაც თქვენი ქვეყნიდან ვიფრენთ. ახლა უკვე მოთხოვნა გაჩნდა და ჩვენ ეს დავინახეთ. აპრილსა და მაისში 4 მიმართულებით ვიფრენთ. 17 და 18 აპრილიდან ვილნიუსსა და ვარშავაში, ხოლო 14 მაისიდან ვიფრენთ რიგაში, 21 მაისიდან კი დორტმუნდის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენი ფუნქციონირების აღდგენის მხოლოდ დასაწყისი იქნება. ვაგრძელებთ დაკვირვებას, თუ რა ახალი შესაძლებლობები, რა ახალი მიმართულებები შეიძლება დავიწყოთ და რომელი ძველი მიმართულებები შეიძლება აღვადგინოთ. გვჭირდება დავინახოთ, როგორი იქნება მოთხოვნა და ის შეზღუდვები, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში იქნება, სადაც ვიფრენთ. საბოლოო ჯამში, ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირების განახლებით ძალიან მოხარულები ვართ. ჩვენ ამას თქვენზე ნაკლებად არ ველოდით“,- განაცხადა რადომ.