ტურიზმი
02/08/2022

ასოციაცია: ეკოტურების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა ერთვებოდეს

საქართველოში ეკოტურისტული პროდუქტებით დაინტერესება იზრდება.

როგორც ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ნატა ბახტაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ეს მიმართულება განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გააქტიურდა. 

"ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ეკოტურიზმის მიმართულებით ვიყოთ რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშე. განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ფართობი დაცულ ტერიტორიებს უკავია. ეს დაცული ტერიტორიები კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგვიძლია უნიკალური ეკოტურისტული მიმართულებების განვითარება",- განაცხადა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, რეგიონებში დაგეგმილი ეკოტურები პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან. 

"ეკოტურისტული პროდუქტების შეთავაზების დროს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მომსახურების ნაწილში. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტების გამრავალფეროვნება ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებს სრულ პროცესში. უკავშირდება ეს ტურის დაგეგმარებას, თუ მთლიანად შექმნის პროცესს. ასეთ შემთხვევებში ამ ადამიანების შემოსავლებიც იზრდება. რაც უფრო მეტია ტურისტების ეკოტურისტული მიზნით გადაადგილება ამა თუ იმ რეგიონში, მით მეტად იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები",- განაცხადა ბახტაძემ.