აპარტოტელებს საშუალო სეგმენტის სასტუმროები კონკურენციას ვეღარ უწევს
საკურორტო ზონებში სასტუმროებს აპარტოტელების მშენებლობამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გუდაურში, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელმა ლევან კარიჭაშვილმა განუცხადა, ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა ეს მიმართულება, რასაც მცირე და საშუალო სეგმენტის სასტუმროები კონკურენციას ვეღარ უწვს.
„მაგალითად, გუდაურში შენდება კომპანია „რედკოს“ უზარმაზარი კორპუსები, მათ ჩვენ კონკურენციას ვერც პანდემიამდე ვუწევდით, ძალიან გვიჭირდა მუშაობა. კლინტებიც უპირატესობას აპარტოტელებს ანიჭებდნენ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვადასხვა კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანშიც.
ადრე თუ გვიან ასეც იქნებოდა. პატარა სასტუმროებს რაღაც უნდა შეეცვალათ. წლებია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვქონდა საუბარი მინისტრთანაც, პრემიერ-მინისტრთანაც, პრობლემა ვერავინ მოაგვარა. ამას თან დაერთო პანდემია და საკონტროლო გასროლასავით იყო, მოგვკლა," - აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.
მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო, ანუ 2019 წლის მარტიდან, „თრუსო“ დაიხურა და არც გახსნილა.
როგორც კარიჭაშვილი აცხადებს, კომპანიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა ეხადა კომუნალური გადასახადები, რასაც ემატება ჯარიმები, საურავები, რამაც კომპანია საბოლოოდ გაკოტრებამდე მიიყვანა.