"ამბასადორი კაჭრეთი" ახალ კორპუსში პირველ სტუმარს 2024 წელს მიღებს
„ამბასადორი ჯგუფი“ “ამბასადორი კაჭრეთის“ ახალ კორპუსში პირველ სტუმარს 2024 წელს მიღებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს, თანამედროვე ტიპის კორპუსზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
გეგმის მიხედვით მშენებლობის დასრულება და შენობის ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლის დასასრულისთვის იგეგმება. მასშტაბებიდან გამომდინარე პროექტი, რამდენიმე ათეული მილიონის ინვესტიციას გულისხმობს.
“ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი კორპუსი 40 000 მ2 ფართობზე განლაგებულ, 9 სართულზე გადანაწილებულ, თანამედროვე დიზაინის 200 ნომერს გააერთიანებს.
სასტუმროს ახალ კორპუსში დამატებით 4 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება, ასევე - რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, შენობის ბოლო სართულზე დაპროექტებული ღია საცურაო აუზი ულამაზესი ხედებით და სპა.
შეგახსენებთ, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ამბასადორის სასტუმრო კომპლექსი უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე განთავსებულია 182-ნომრიანი ორი კორპუსი, გოლფის მოედანი, შიდა და ღია აუზები, სპა, საცხენოსნო, სასროლეთი, ბოულინგ კლუბი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სივრცე.