Alliance Highline-ში აპარტამენტების 96% გაყიდულია
ვაკეში პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექს Alliance Highline-ში, აპარტამენტების 96% გაყიდულია.
როგორც კომპანია „ალიანს ჯგუფის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპლექსში 1 კვადრატული მეტრი ფართის ფასი 1 800 -2 000 დოლარიდან იწყება.
ბიწაძის ინფორმაციით, Alliance Highline-ი 2022 წლის ზაფხულში გაიხსნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ფასადური სამუშაოები. “იღებება კოლონები, იფუთება კარკასი და მიმდინარეობს მინა-პაკეტის სამონტაჟ სამუშაოები,“ - აცხადებს ბიწაძე.
ექსკლუზიური არქიტექტურის კომპლექსი მოიცავს სამ კოშკს: პირველი 40-სართულიანია, მეორე 33-სართულიანი, მესამე კი 26-სართულიანი.ყველაზე პატარა კოშკში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), დანარჩენ კოშკებში კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.
მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია "სოფოს ჰოტელსი" (Sophos Hotels SA) განახორციელებს.
მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაკორექტირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც და ის 75 მლნ დოლარიდან 80 მლნ-მდე გაიზარდა. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.