ტურიზმი
25/06/2021

ახვლედიანის ქუჩაზე IBIS Budget-ის სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე IBIS Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო. პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ბეტა ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი ჯოხაძის განცხადებით, მიზეზი პანდემიაა,რის გამოც  2020 წელს სამშენებლო სამუშოების ტემპი შემცირებული იყო.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელსაც დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.

158 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის აგვისტოში გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, სულ მცირე 6 მლნ ლარის ინვესტიცია და სასტუმრო აეშენებინა. „ბეტა ჯგუფს“ ასევე დაევალა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, ვაჟა ფშაველას N33-ში 2 630 000 ლარის ღირებულების, მინიმუმ 2900 კვ.მ. ფართის შენობის აშენება.

კომპანია „ბეტა ჯგუფი“, 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25%, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25%, რომელიც კომპანია "საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა.

რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიაში მფლობელები შეიცვალნენ. რეესტრის ბოლო მონაცემებით, 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35%-ს შპს "სიემსი", 17.5%-ს ბეჟან სამხარაძე, ხოლო 17.5 %-ს ედიშერ მამალაძე.