ახალი დეტალები თამაზ გაიაშვილის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე
Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ბიზნესმენი სასტუმროს მშენებლობას, თბილისში, რუსთაველის 12-ში უკვე 14 წელია გეგმავს. მისი ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია თბილისის მერიაში უკვე წლებია შეტანილია, თუმცა, ნებართვა ამ დრომდე გაცემული არ არის.
მისი ინფორმაციით, პროექტის დამტკიცების შემდეგ, დაიწყება მშენებლობა. შესაბამისად, ბაზარზე Four Seasons-ის ბრენდის სასტუმრო გაჩნდება.
რატომ არ გაიცემა 14 წლის განმავლობაში პროექტზე სამშენებლო ნებართვა, ამის გასარკვევად „ბიზნესპარტნიორმა“ თბილისის მერიას მიმართა.
არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმროს ესკიზი 2019 წლის 3 ივნისსაა შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე.
მას შემდეგ კი არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვაზე კომპანიას მერიისთვის აღარ მიუმართავს.
შეგახსენებთ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ დოლარია.