"ახალ კანონს შემოაქვს გარკვეული მოთხოვნა, რომლითაც მაღალი რისკის ტურიზმი დარეგულირდება"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
„ჩვენ ვცდილობთ, დავთვალოთ რა ზეგავლენა ექნება ამ კანონს და ამ რეფორმას, კერძო სექტორსა და საქართველოს ეკონომიკაზე“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ USAID- ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა განაცხადა, რომელმაც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმა შეაფასა.
მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი ხორციელდება, რის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში, ამ რეფორმის შედეგად, საქართველოს ეკონომიკის სარგებელი, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი იქნება.
„ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმას რამდენიმე ამოცანა აქვს - პირველი - პოსტპანდემიური აღდგენა ტურიზმის სექტორის, მეორე - ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარება ტურიზმის სექტორში და ზუსტად ახალი კანონი ევროდირექტივებთან დაახლოებას გულისხმობს, მესამე - კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა. თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი სექტორია. შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით კერძო სექტორთან და პანდემიის შემდგომ, შეიქმნა ტურიზმის ალიანსიც კი. გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ჩადებული და ასახული იქნება ახალ კანონში“, - აღნიშნა ნატალია ბერუაშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ეს კანონი კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტურიზმის რეფორმის მთავარი მიზანია მომხმარებლების უფლებების დაცვა და იმ რისკების შემცირება, რომლებიც მაღალი რისკის ტურიზმთან არის დაკავშირებული.
„ახალ კანონს შემოაქვს გარკვეული მოთხოვნა, რომლითაც მაღალი რისკის ტურიზმი დარეგულირდება, შედეგად, ეს მეტ ნდობას გააჩენს ტურიზმის სექტორის მიმართ. რა მოდელით დარეგულრდება, ეს შეიძლება შემდეგ დამატებით გაისაზღვროს. გარდა ამისა, ამ კანონის მიღების შემდეგ, სავალდებულო იქნება საჯარო რეესტრში ტურისტული ობიექტების რეგისტრაცია. აგრეთვე შემოდის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება გიდებისთვის, რაც ხელს შეწყობს ამ სფეროში ხარისხის ამაღლებას. საბოლოო ჯამში, ამ კანონით ახლებური მიდგომა ჩამოყალიბდება, რაც ტურიზმის სექტორს უფრო გამჭვირვალეს გახდის და ის მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მეტად ორიენტირებული გახდება“, - განმარტა ნატალია ბერუაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თაოსნობით და ამ კომიტეტს კონსულტაციები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და კერძო სექტორთანაც. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ტურიზმის კანონპროექტის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.