ტურიზმი
05/07/2023

"აგვისტოში ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება და სასტუმრო 100%-ით დატვირთული იქნება"

აგვისტოში ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება, შესაბამისად, ჩვენი საოჯახო სასტუმრო 100%-ით დატვირთული იქნება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ანაკლიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაშის“  დამფუძნებელმა მარინე თოდუამ  განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმრომ   სტუმრების მიღება 1-ელი მაისიდან დაიწყო.

„ვუმასპინძლეთ ჯგუფურ ტურებს. გვყავდა სკოლის დამამთავრებელი კლასის  ჯგუფები. ისინი, ძირითდადად, კახეთის და ქართლის რეგიონიდან ჩამოვიდნენ და სკოლის დამთავრება, ფაქტობრივად, ჩვენთან აღნიშნეს. 1-2 ღამით რჩებოდნენ ჩვენს სასტუმროში და მაისის თვეში სრული დატვირთვით ვიმუშავეთ. აქტიურად იმუშავა ჩვენმა საოჯახო სამზარეულომაც.

რაც შეეხება ივნისს, ცუდი ამინდების გამო, მცირე ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ახლა სიტუაცია ისევ გამოცოცხლდა. ზოგადად, ყოველ წელს ვნერვიულობთ, ივნისი ყოველთვის ჩავარდნაა ამინდების გამო და მერე იწყებს სეზონი გამოცოცხლებას, 15 ივლისის შემდეგ“, - განმარტა მარინე თოდუამ.

მისი თქმით, ახლა „თეთრი სახლი ანაკლიაში“ უმეტესად ადგილობრივი დამსვენებლებით არის დატვირთული, თუმცა ივლისის მეორე ნახვრიდან სტუმრებს მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე უკრაინიდან ელოდებიან.

„ივლისის და აგვისტოს ჯავშნები უკვე გვაქვს. ივლისის დატვირთულობა, ამჯამად, 80 პროცენტია. სხვადასხვა კომპანიებთან მაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და უმეტესად ჯგუფურ ტურებს ვმასპინძლობ. რაც შეეხება აგვისტოს, იცით რომ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება, შესაბამისად, 100%-იანი დატვირთულობა მექნება. ზოგადად, ასეთი ფესტივალები ძალიან აცოცხლებს ანაკლიას, საჭიროა ამ კურორტის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ადგილობრივი მოსახლეობა მზად ვართ სტუმრების მისაღებად, კიდევ უფრო გადავახალისოთ ჩვენი სამუშაო ობიექტები“, - აღნიშნა მარინე თოდუამ.

მისივე ინფორაციით, საოჯახო სასტუმროში „თეთრი სახლი ანაკლიაში“ 1 ღამის ღირებულება სეზონის მიხედვით 50-დან 140 ლარამდე მერყეობს. სასტუმრო 2017 წლიდან ფუნქციონირებს და დამსვენებლებს 15 ნომერს, ასევე საოჯახო სამზარეულოს სთავაზობს.

Businesspartner