ტურიზმი
05/05/2021

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: ბათუმში ტურისტების მატება შეინიშნება

საერთაშორისო ფრენებზე მოხსნილი შეზღუდვის შემდეგ აჭარაში ტურისტების მატება შეინიშნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმის ქუჩებში უკვე არაერთი საერთაშორისო მოგზაური გამოჩნდა.

უწყების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ კოვიდით გამოწვეული რეგულაციების ფონზე ტურისტები რეალობაზე მორგებას ახერხებენ.

„ამ საკითხზე ბევრი აზრი არსებობს. არიან კომენდანტის საათის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. კომენდანტის საათი დღემდე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არსებობს. შესაბამისად, როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა არის პრიორიტეტი, ეს რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაა. კომენდანტის საათი ტურისტული სეზონისთვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტორია, მაგრამ ამის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში უკვე მრავლად არიან ტურისტები. არა იმ რაოდენობით, რასაც განვლილი წლების განმავლობაში ვართ მიჩვეულები, თუმცა მატება შეინიშნება. აეროპორტი ფუნქციონირებს და დღეში რამდენიმე რეისი ხორციელდება. ტურისტები უკვე არიან. შესაბამისად, ისინი ახერხებენ, რომ ამ რეგულაციებსა და რეალობას მოერგონ“,- განაცხადა კაიკაციშვილმა.