აჭარა ჯგუფი: საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია
„აჭარა ჯგუფში“ შემავალი, სასტუმრო “რუმსის“ და „სტამბას“ გენერალური მენეჯერი რუსუდან კალანდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი ბიზნესზე დადებითად აისახება.
„შაბათ-კვირის შემთხვევაში მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს ვემსახურებოდით, ისიც 21:00 საათამდე. შესაბამისად, ახლა შესაძლებლობა გვექნება, გარედან მოსულ სტუმრებს ღია სივრცეში (სტამბაში, რუმსში და ლოლიტაში) ვუმასპინძლოთ.
დადებითი ეფექტი ექნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის 2 საათით გადაწევას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ივნისიდან საერთოდ მოიხსნება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით,“ - აცხადებს კალანდაძე.
როგორც სასტუმრო “რუმსის“ და „სტამბას“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, აღნიშნული შეზღუდვების ფონზე ძალიან რთული იყო ტურისტების მომსახურება. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ დადებითი ტენდენციებია, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.
„სასტუმრო „რუმს თბილისი“ და „სტამბა“ საშუალოდ დატვირთულია, იმედი გვაქვს, უფრო მეტად დაიტვირთება“ -აცხადებს კალანდაძე.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა და ის 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება. რეგულაცია უკვე დღეიდან შემსუბუქდება. გარდა ამისა, 22 მაისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება.