ტურიზმი
17/02/2022

აბასთუმანში სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება

აბასთუმანში სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თანაინვესტორების ფონდში განუცხადეს. საუბარია, Marriott International-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდზე.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ 2022 წლის იანვრის მონაცემებით, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 69 მლნ დოლარია.

პროექტი იგივე სეგმენტზეა გათვლილი რაც ყველასთვის უკვე ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“.

„ბრენდის მახასიათებლებსა და დეტალებზე კი სასტუმროს გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ვისაუბრებთ და მივაწოდებთ ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს,“ - განმარტავენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.

150 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ია. შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ აბასთუმანი მდიდარია, როგორც სამკურნალო, ფთიზიატრიული კლიმატით, ასევე ჰიპერთერმული, მინერალიზებული წყაროებით და თერმული წყლებით, რაც ხელს შეუწყობს კლიმატურბალნეოლოგიური კურორტის აბასთუმნის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.