აბასთუმანში Redix-ის სასტუმროს მართვაში, შესაძლოა, DoubleTree by Hilton-ი შევიდეს
აბასთუმანში, Redix-ის სასტუმროს მართვაში, შესაძლოა, საერთაშორისო ბრენდი DoubleTree by Hilton შევიდეს. როგორც ბიზნესმენმა, Redix-ის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის დასრულებულია კარკასის მშენებლობა, უშუალოდ პროექტის დასრულება კი აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებაზეა დამოკიდებული, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 140-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 35 მლნ დოლარია.
ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.
რაც შეეხება აბასთუმანს, მისი რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. კურორტის განვითარებაზე 51 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. კონკრეტულად იგეგმება მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს მობილობის გაუმჯობესებას დაბა აბასთუმანში, რომლის ფარგლებში შედის მდინარე ოცხეს კალაპოტების, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაცია.
აბასთუმანი ზღვის დონიდან 1250-1650 მეტრ სიმაღლეზე სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილ კურორტზე სულ 791 შენობა-ნაგებობაა, მათგან 1 - ეროვნული კატეგორიის, 115 კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"გეოგრაფიკის" მიერ მომზადებულ მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, დაბა აბასთუმანში შესაძლებელია როგორც მრავალპროფილური, ექსკლუზიური მწვანე-ეკოლოგიური კურორტის, ასევე დივერსიფიცირებული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება; სამეცნიერო-კვლევითი კლასტერის შექმნა.
კურორტის უპირატესობად მიიჩნევა გამორჩეული ბუნებრივ-კლიმატური პირობები, კულტურული მემკვიდრეობის მიმდინარე რეაბილიტაცია; კურცხანას ხეობაში არქეოლოგიური ობიექტების არსებობა; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან უშუალო მდებარეობა; ასტროფიზიკური ობსერვატორიის არსებობა; საირმის და გოდერძის კურორტებთან სიახლოვე; მიმდინარე გაზიფიცირება; სრული ელექტრომომარაგება და სხვა.