ტურიზმი
09/11/2022

$45 მლნ-იანი Courtyard by Marriott Batumi 2 თვეა სტუმრებს აქტიურად იღებს

Courtyard by Marriott Batumi  უკვე 2 თვეა სრული დატვირთვით მუშაობს.  როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ალიანს ჯგუფში“  განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო გაიხსნა ტურისტული სეზონის მიწურულს, კომპანიამ მაინც შეძლო სექტემბერში კარგი დატვირთვის მაჩვენებლისთვის მიეღწია.

მათივე განმარტებით, ეს ძირითადად განპირობებული იყო უცხოური ჯგუფების ვიზიტით და ასევე, ქართველი მომხმარებლის მაღალი ინტერესით.

„გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროში გვაქვს თანამედროვე საკონფერენციო სივრცეები, შესაბამისად ღონისძიებების ჩატარების მიმართულებითაც ინტერესი მაღალია და მოხარულები ვართ რომ ოქტომბრის თვეში საშუალება მოგვეცა გვემასპინძლა მაღალი რანგის კონფერენციებისთვის და ტრენინგებისთვის.

რაც შეეხება სეგმენტაციას, ამ ეტაპზე ჭარბობს ქართველი მომხმარებელი, ვინაიდან ნელ-ნელა ფრენების რაოდენობაც მცირდება ბათუმის მიმართულებით.

ჩვენი პროგნოზი სასტუმროს დატვირთულობასთან დაკავშირებით მაღალია, ვინაიდან შექმნილია ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია კარგი და ჯანსაღი დასვენებისთვის.,“-აცხადებენ „ალიანს ჯგუფში“.

მათივე განმარტებით, Courtyard by Marriott-ი ორიენტირებულია ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურებზე, რომლებისთვისაც მოგზაურობა პიროვნული სრულყოფის და პროფესიული ზრდის ტოლფასია.

„ამ გამოცდილების მქონდე სასტუმრო პირველია აჭარის რეგიონში, შესაბამისად ჩვენთან მოსული სტუმარი მიიღებს სრულიად უნიკალურ და გამორჩეულ მომსახურებას. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის ამაღლებას რეგიონში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.

2023 წლის სამოქმედო გეგმა უკვე გაწერილია და პირველ ეტაპზე აქტივობების უმრავლესობა მეტწილად ეთმობა ბრენდის ცნობადობის ამაღლებას კონკრეტულ სეგმენტებში. ვგეგმავთ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, შევხვდეთ პარტნიორებს და დავამყაროთ წარმატებული ბიზნეს თანამშრომლობა.

დარწმუნებული ვართ Courtyard by Marriott Batumi უახლოეს მომავალში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის,“-აცხადებენ „ალიანს ჯგუფში“.

კომპლექსის 1-5 სართულზე საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი Courtyard By Marriott-ი (150 ნომრიანი) განთავსდა, დანარჩენ 6-41  სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტებია.

მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია "სოფოს ჰოტელსი" (Sophos Hotels SA)  ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მრავალფუნქციური 41–სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მასში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

პროექტი ბათუმის ბულვარში, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. „ალიანს პალასის“ ყველა სართულიდან იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები, კომპლექსი მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორისაა, მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რესტორანი და ა.შ.

Businesspartner