ტურიზმი
04/04/2023

2024 წელს ყაზბეგში სამაშველო ქოხი გაიხსნება

ყაზბეგში, 2024 წლის ზაფხულში  სასტუმრო „ალტიჰატი“-ს ახალი ფილიალი სამაშველო ქოხის სახით გაიხსნება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ში სასტუმრო „ალტიჰატის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამაშველო ქოხის მთავარი ფუნქცია სამთო-სამაშველო ინფრასტრუქტურა იქნება, რომელშიც დასაქმდებიან ქართველი სპეციალისტები. 

როგორც ალავიძე აღნიშნავს,  მათი გადამზადების პროცესი მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყება, ხოლო ინფრასტრუქტურა უახლესი აპარატურით იქნება აღჭურვილი.

პროექტის წარმოებაში აქტიურად არიან ჩართულები სასტუმრო „ალტიჰატი“-ს ქართველი პარტნიორები, რომლებთანაც პარტნიორობა შვეიცარული კომპანია „ბალი“-მ დაიწყო. სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, შვეიცარულ კომპანიასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის გაზრდას. 

„ინვესტიციის 60% იქნება ქართული მხარის, ჩემი და ჩემი პარტნიორის, ხოლო დანარჩენი იქნება უცხოელი პარტნიორის, შვეიცარული მხარის.

პროექტში დასაქმებული იქნება დაახლოებით 12 ადამიანი, რომლებმაც   15-დან  25-მდე ადამიანს უნდა მოემსახურონ.“- აღნიშნავს ალავიძე.

სამაშველო ქოხი 15 სტუმარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი რაოდენობა გათვლილი იქნება გადაუდებელი, გაუთვალისწინებელი მომსახურებებისთვის.

ალავიძის განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა მიწის ნაკვეთის, რომელიც დაცული ტერიტორიის საკუთრებაა, მათთვის გრძელვადიანი იჯარით  გადმოცემა მოხდეს.

შეგახსენებთ, სამაშველო ე.წ თავშესაფარი მყინვარწვერთან ახლოს, ზღვის დონიდან 3700 მეტრზე იქნება განთავსებული, რომლის ინვესტიცია საწყის ეტაპზე 600 ათას ლარს შეადგენს.

 

Businesspartner